თეგი: ნერგეეთი

სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი

იმერეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი - ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჩამოშლილია რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა, რის გამოც გზა 200 მეტრის სიგრძეზეა გადაკეტილი. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები. „აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა,“ - აღნიშნა შალამბერიძემ. მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. „ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი,“ - აღნიშნა შალამბერიძემ „პალიტრანიუსის„ ეთერში. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაო.  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დღეს, 8 თებერვალს, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე. 7 თებერვლის ცნობებით, 8 ადამიანის ცხედარი იყო ნაპოვნი და ერთი პირის ძებნა გრელდებოდა.  

რას წერს გარემოს სააგენტო შოვისა და ნერგეეთის შესახებ ანგარიშებში

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის. უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად; ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს,” - ნათქვამია ანგარიშში. დასკვნები და რეკომენდაციები: მეწყრული სხეული განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე; 2. სოფ. ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია - ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული 13 პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება. აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა; 3. მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3- ია; 4. მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი; 5. მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს; 6. მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით; 7. სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები; 8. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტიანი.