თეგი: ნესტან აბდუშელიშვილი
Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა
დღეს, 2 დეკემბერს, 19:00-22:00 საათზე ობსკურა ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენას წარმოგიდგენთ, რომელიც ნაჩუქარი ნივთებისგან შეიქმნა. საჩუქრებმა ჯერ თავის სახლში, შემდეგ სახელოსნოში, ბოლოს კი გამოფენისკენ გადაინაცვლა… მაგრამ რა კავშირი აქვს ამას სახელთან „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? დეტალების გასარკვევად „მარკეტერი“ ნესტან აბდუშელიშვილს ესაუბრა. ამ ინტერვიუს Europetime უცვლელად გთავაზობთ. _მოგვიყევით, რა არის გამოფენის Laughter for laughter And Sorrow for lies კონცეფცია? გამოფენა საგნებზეა, რომლებიც მე დროთა განმავლობაში შევაგროვე. ეს საგნები სხვადასხვა ადამიანის საჩუქრებია — ისინი ჯერ ჩემს სახლში დაგროვდა, შემდეგ კი სახელოსნოში გადაინაცვლა. ამ ნივთებმა იმ ადამიანებზე დამაფიქრა, ვისგანაც მივიღე ისინი, ურთიერთობებზე და ისტორიებზე, რაც მათთან მაკავშირებს… გამოფენის გაკეთება კი სოფო კობიძემ _ _რატომ აირჩიეთ სახელი „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? გამოფენის სახელი შუა საუკუნეების სკანდინავიური პოემიდან არის ამოღებული, რომელიც მარსელ მოსის წიგნ Gift-ში არის ციტირებული, იგი არქაული ცივილიზაციების დროიდან ადამიანებს შორის საჩუქრის ჩუქების თეორიას განსაზღვრავს. პოემის ამ ნაწილში ავტორი მეგობრობაზე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე და ემოციების გაცვლაზე საუბრობს და სწორედ ამაზე არის ჩემი გამოფენა. _ნესტან, რა ტიპის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე? გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო-ნამუშევრები. ობიექტების ახლო ხედები. ამას ჩემს სახელოსნოში თითქმის ორი წელია ვაკეთებ და მინდოდა რაღაც დროს დასრულებულიყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ გამოფენისთვის ახალი ნამუშევრები გავაკეთე იგივე პრაქტიკიდან, მაგრამ სივრციდან გამომდინარე. კედლების ფაქტურების ნაირსახეობამ უფრო კონკრეტული მიმართულებები მომცა. _როგორც გავიგეთ, როგორც ხელოვანი, ნივთებს თითქოს ფოტოგრაფიის მთავარი პრინციპის, decisive moment-ის საწინააღმდეგოდ აღბეჭდავთ, რატომ იქცევით ასე? Decisive moment კარტიე ბრესონის მიხედვით ჯადოსნურ წამში იდეალური გამოსახულების ჩატევაა. ჩემთვის ეს უფრო სისწრაფესთან და შემთხვევითობასთან ასოცირდება, რაზეც დოკუმენტური ფოტოგრაფია დგას. ამისგან გასათავისუფლებლად დიდი დრო დამჭირდა, განსაკუთრებით სწავლის პერიოდში. ამ ნამუშევრებში კი პირიქით მინდოდა გამოსულიყო, რადგან უფრო გამოგონილ სამყაროსა და შენელებულ დროს მინდოდა შევხებოდი. _გაგვიზიარეთ, როგორია თქვენთვის ნამუშევრების შექმნის პროცესი? შექმნის პროცესი ყველაზე დიდი ადრენალინია, მეტაფიზიკურ დონეზე, არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა… ტექნიკურად კი ძალიან ქაოტურია, ყველაფერი თავზე მაყრია, ყველაფერს ვკარგავ, ერთი იდეიდან სწრაფად გადავდივარ მეორეზე და თან დამაქვს მთელი ასხმა, რაც გადასაღებად მჭირდება. ეს შეიძლება იყოს როგორც კამერა, ისე რაიმე მძიმე ავეჯი, გააჩნია, რას ვიღებ. ბევრს ვმუშაობ და, შესაბამისად, დიდი რაოდენობა მაქვს ნამუშევრების, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ერთი წლის შემდეგ მომეწონოს… შერჩევა კიდევ მუშაობის ცალკე ნაწილია, რომელ ნამუშევრებს გააგრძელებინო სიცოცხლე, ამას კიდევ ცალკე დაფიქრება სჭირდება. _და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ მომავალში? შემდეგ პროექტს სხვა ფოტოგრაფთან ერთად ვგეგმავ. 50-იანი წლების ექსპერიმენტის გამეორებას ვაპირებთ, დანარჩენს კი მოგვიანებით მოგიყვებით… ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა Laughter for laughter And Sorrow for lies დღეს 19:00-ზე გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ნამუშევრების ნახვას პავლე ინგოროყვას 16 ნომერში შეძლებთ. marketer.ge
„ვარდობისთვე“ - ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენა
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023" -ის ფარგლებში, ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას - „ვარდობისთვე“ მასპინძლობს. ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე"’ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას. გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას. გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათისამუშაო საათები:ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:00 – 20:00 საათი ასევე წაიკითხეთ: Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა