თეგი: ნიკა კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში რჩებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 18 თებერვალს მიიღო. სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთი მოწმეც. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის, უფასო IT სკოლა გაიხსნა
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა გაიხსნა. სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა, რომლებიც 2.5 თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან. პროექტს თიბისი IT აკადემია ახორციელებს. ცნობისთვის, 15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.
ნიკა კვარაცხელიას საქმეში მონაწილეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ირაკლი ბიბინეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ ბიბინეიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განმარტებით, მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა განახორციელეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ისინი საცხოვრებელ სახლში შეიფარა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.