თეგი: ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
Europetime იწყებს ახალ რუბრიკას, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან: რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ET: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის სრული ენერგოემბარგო. როგორ ფიქრობთ რამდენად ერთიანი იქნება ევროპა ამ გადაწყვეტილების მიღებისას? ქვანახშირის ემბარგო არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციებიც დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების $643 მილიარდიდან, [რაც რუსეთმა დიდწილად დააგროვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან], $300 მილიარდზე მეტი ევროკავშირმა გაყინა. ასევე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და კვლავაც გადის ამ ბაზრიდან. რუსეთის ფედერაციიდან სოლიდური კაპიტალი გაედინება. მაგრამ ახლაც, მის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგება. მსოფლიო ფასზეა დამოკიდებული, თუმცა რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად იღებდა $800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე შემოსავალს. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ის ფორმირება ხდებოდა ნავთობის ექსპორტისა და გაზის გაყიდვის შედეგად. ET: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ გადაეწყო ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე? მაშინ ვერ აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს? ნავთობის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის აღტკინებასა და რუსეთის ამბიციების ზრდას. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $30-ს შეადგენდა და 2008 წელს საქართველში შემოჭრამდე ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე შეადგინა $147. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რუსეთმა 2021 წელს განახორციელა თითქმის 170 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამიტომაც, მთავარი დარტყმა რუსეთს ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ. ET: შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40%. ამ ფონზე რამდენად რეალურია „გაზპრომისგან“ სწრაფად თავის დაღწევა? ევროკავშირს რამდენიმე წელი დასჭირდება რუსეთის ბუნებრივი აირისგან სრულად განთავისუფლებისთვის. დაახლოებით 3-დან 5-წლამდე, ამ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებაზე მაქვს საუბარი. შემცირება ახლაც მიმდინარეობს. იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალჟირთან. ეს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნის 20% აკმაყოფილებდა ბუნებრივ აირზე. იტალია ზრდის იმპორტს ამ ქვეყნიდან. მანამდე, რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. გერმანია დაახლოებით 54% პროცენტით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ახლა, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას ყატართან და არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ასევე განიხილება, ევროკავშირის ბაზარზე აშშ-დან განხორციელდეს ფიქლური გაზის ექსპორტი. საუბარია 15 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც არაა საკმარისი, რადგან ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს 500 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ფიქლური გაზის მოპოვება უფრო რთულია და ძვირია, რადგან სიღრმეში მდებარეობს და სიღრმისეული ბურღვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აშშ-სთან ერთად ასევე შესაძლებელია ირანთან მოლაპარაკება, „ბირთვულ შეთანხმებაში“ გამჭვირვალეობის ფონზე, ირანს შეუძლია, განახორციელოს ევროკავშირში გაზის ექსპორტი. ვფიქრობ, ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ET: ევროკავშირი ენერგორესურსების მომწოდებლებს ეძებს. მოსალოდნელია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირება. ამ პროცესში რა როლი აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას? რეალურად, რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ? აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს როლი... აზერბაიჯანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, აზერბაიჯანმა ეს ნედლეული გაატაროს საქართველოში მოქმედი ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით და შემდგომ, ეს რესურსი თურქეთიდან მიიღოს ევროპამ. საქართველომ კი, გაზის გატარებისთვის მიიღოს დამატებითი სატრანზიტო შემოსავალი. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია აცხადებს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ეს განცხადება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო ადვილია. რუსული ნავთობის ჩანაცვლება შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება გაზსადენებით, რუსეთიდან ევროკავშირში. მაგრამ ნავთობს რაც შეეხება, ტანკერები როცა იტვირთება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, არავინ იცის, წინასწარ რა მიმართულებით გადაადგილდება. ნავთობით მოვაჭრე, შემსყიდველის ბრძანებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივია. საპარსეთის ყურიდან შესაძლებელია ნავთობის მიღება. ერთი ბარელის მოპოვების თვითღირებულება $3 -ია. ყაზახეთი აპირებს, 2 მილიონი ტონა ნავთობი გაატაროს საქართველოს გავლით. დამატებით მიაწოდოს რესურსი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. მანამდე, ისინი რუსეთის ფედერაციის გავლით აწვდიდნენ ევროპას ნავთობს. ვგულისხმობ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ მილსადენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახები ნავთობის გადასაზიდად ეძებენ ალტერნატივას და ასეთი ალტერნატივა საქართველოა. შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და ასევე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება „საქართველოს რკინიგზით“ ბათუმის ნავსადგურში და შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გატანა. ET: ნავთობის რესურსი გასაგებია, მაგრამ ალჟირის, ეგვიპტისა და კონგოს გარდა [იტალიამ ამ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება],კიდევ რა ალტერნატიული წყარობია რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად? რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია და ამას წლები დასჭირდება. ეს პროცესი დაჩქარება მაშინ, თუ დასავლეთი დათანხმდება, რომ ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე შესაძლებელია შეთანხმება ჩინეთთან, სადაც სხვადასხვა მონაცემით, არსებობს ფიქლის გაზის მარაგები. სავარაუდო რეზერვია 300 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ ჩინეთი გახდა გაზის მთავარი მიმწოდებელი, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქ მთავარია აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება. თუმცა ჩინეთი გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, რადგან არ უქმნის საფრთხეს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ET: საქართველოს თუ აქვს რესურსი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად? ბოლო სამი წელია „გაზპრომისგან“ საქართველომ უფრო მეტი გაზი იყიდა. დიახ, რუსული გაზი დღეს საქართველოს მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს. საქართველოს შეუძლია, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან და უარი თქვას რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე. ახალა არაა 2006 წელის მსგავსი ვითარება, როცა მხოლოდ რუსულ ბუნებრივ აირზე ვიყავით დამოკიდებული. ET: და ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ახლა? რა დოზითაა ამ ომში ენერგოინტერესები და გეოპოლიტიკა? აქ რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია, გამოვყოთ. ენერგორესურსები არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ფაქტორი. აქ უფრო დიდი ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკას. ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოახერებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რუსეთი იქნება ანგარიშგასაწევი ევრაზიული ძალა. თუ რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ის იქნება რიგითი სახელმწიფო. მან ეს ახსნა იმით, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და რუსეთს შორის და მის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზსადენები და ნავთობსადენები, რაც აკავშირებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებს. უკრაინაზე კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების განმტკიცებას. ამ ომის მიზეზების კვლევისას მეორე ფაქტორია ის, რომ უკრაინას მართავს პუტინისთვის მიუღებელი პროდასავლური ხელისუფლება. რუსეთს სურდა კიევის აღება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. უკრაინას დარჩებოდა ნომინალური დამოუკიდებლობა და ის იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რუსეთში ისევ მიაჩნიათ, რომ უკრაინელები მათი მონათესავე ხალხია. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას შესაძლოა, დათმოს სხვა რესპუბლიკები, მაგრამ არა ბელორუსი და უკრაინა. ეს ქვეყნები უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ET: 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანდა, რომ გარკვეულწილად ჰქონდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი... კრემლი მიიჩნევდა, რომ რადგან 2014 წელს დაიკავა ყირიმი, უკრაინაში მოსახლეობა მხარს დაუჭერდა. ამასთან რუსეთს სურდა, რომ ვიდრე ევროპა და ამერიკა განიმტკიცებდა თავის პოზიციებს უკრაინაში, თავად გაეკეთებინა ეს. და კიდევ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ ომში მარიუპოლი. რუსეთს სურს, დაიკავოს აზოვი და შავი ზღვა. რამდენჯერმე დაბომბა ოდესა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ დაამყარა კონტროლი. რუსებს სურთ, რომ მთლიანად გააკონტროლონ აზოვისა და შავი ზღვა და სრულად განიმტკიცონ პოზიციები ამ აკვატორიაში.
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს
რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება? ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა ინტერესები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში და სად გადის ზღვარი ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ET: 2022 წლის მონაცემებით ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში, ხოლო იმპორტში მესამე. მანამდე ეს პოზიციები რუსეთს ეკავა. რამ გამოიწვია ამ მიმართულებით ჩინეთის სწრაფად დაწინაურება? პირველ რიგში ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 4 წელია ამოქმედდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 90-იან წლებში, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა სავაჭრო ბრუნვა არ აღემატებოდა $10 მილიონს. დღეს კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,5 მილიარდამდე გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით პირველია. ET: რა ინტერესები აქვს საქართველოს ჩინეთთან მიმართებით? საქართველო დაინტერესებულია ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის სექტორებში. ასევე, საქართველო დაინტერესებულია, მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩინეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში. ესაა ერთი „სარტყელი- ერთი გზა“. ჩინეთის პრეზიდენტმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ევრაზიის დაახლოებით 60 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და „ახალი აბრეშუმის“ გზის აღორძინებას. აქტიურად განიხილება ეს საკითხი და სხვადასხვა პროექტი უკვე ხორციელდება კიდეც. ET: რა სურს ჩინეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სად იკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები? ჩინეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განმტკიცება, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით ახორციელებს „რბილი ძალის“ პოლიტიკას. ეს გულისხმობს ჩინეთის კულტურულ ექსპანსიას. ჩინეთმა დააფუძნა 100-ზე მეტი კონფუცის ინსტიტუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც ჩინეთის ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე. ჩინეთის ექსპორტის მოცულობა აჭარბებს $2 ტრილიონს, ამიტომ არის დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის გასაღებით, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩინეთი ასევე დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს საქართველოში, მეტი ჩინური კომპანია და პროდუქცია შემოვიდეს. ET: სავაჭრო ურთიერთობების გარდა კიდევ რა არის ჩინეთის ინტერესი? ჩინეთი ასევე დაინტერესებულია ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შემთხვევითი არაა, რომ ჩინური კომპანიაა ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში რიკოთზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 53 გვირაბისა და 16 ხიდის მშენებლობა. სამომავლო მიზანია, რომ ჩინურმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთონ საქართველოს ტერიტორია. ამას ემატება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის პროექტი“. ჩინეთი დაინტერესებულია, რომ ამ რკინიგზით, ევროპის მიმართულებით, უმოკლეს დროში, სადღაც 13-14 დღეში მოხდეს ჩინეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვა. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი ყარსის რკინიგზას“, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. მეორე ეტაპზე გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ პროექტებში საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები ემთხვევა. ET: ამ ფონზე ჩინეთი მაინც ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ამ მიმართულებით რა შეიძლება შეიცვალოს? რუსეთ-უკრაინის ფონზე, ჩინეთი თითქოს ახდენს იმის იმიტაციას, რომ რუსეთთან თანამშრომლობს. ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა სხვა და სხვა გათვლებით გაიზარდა 30%-მდე. 2021 წლის მონაცემებით $147 მილიარდს შეადგენდა. მაგრამ ჩინეთს სურს, გარკვეული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. აქაც არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ჩინეთს შორის. ET: რაც შეეხება ჩინეთის მიზნებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, რა არის აქ მთავარი ეკონომიკა თუ გეოპოლიტიკა? პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთანაა კავშირში. როცა ხდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაახლოება, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. თუ თანხვედრაა პოლიტიკაში და ეკონომიკის მიმართულებითაც, ეს ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთი, თავისი გეოპოლიტიკის გავლენას აძლიერებს „რბილი ძალის“ გამოყენებით, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების გაძლიერებით. მანამდეც ვახსენე „კონფუცის ინსტიტუტის“ გახსნა და ჩინური ექსპორტის გაფართოება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამის მიღმა: ჩინეთს სურს, რომ ყველა რეგიონში ჩამოიშოროს მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტები - ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის რუსეთი. ჩინეთი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ აზიაში, რომ განიმტკიცოს თავისი პოზიციები და ჩაანაცვლოს რუსეთი. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ ჩინეთი დაინტერესებულია, შეამციროს იგივე ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის გავლენაც და თვითონ განიმტკიცოს გეოპოლიტიკური პოზიციები. ამიტომაც, რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ჩინეთი დებს გარკვეულ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომ ამით, პოლიტიკური სიმპათიები დაიმსახუროს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. კავკასიის რეგიონს ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთს სურს, კავკასიის რეგიონში ითამაშოს გლობალური როლი და ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პეკინის ყურადღებას იპყრობს. ასევე წაიკითხეთ: ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კავშირები