თეგი: ნიკოლას მადურო

მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. ამასთან, მან გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა. თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს. იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია. ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა ვენესუელა დიდი ხანია, ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინა. გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს. ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.  

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს ნიკოლას მადუროს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ და „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.“ ევროპარლამენტში პირველ რიგში დეპუტატების ულტრამემარჯვენე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი გონსალესის პრეზიდენტად ცნობას. ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ისინი პირველად გამოვიდნენ ასეთი ერთიანი ფრონტით. ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ და მსგავს ნაბიჯს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში გონსალესმა ვენესუელა დატოვა - ესპანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 8 ივლისს ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის შემდეგ, ვენესუელის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი „ცნობიერი და დაგეგმილი ქმედებები (...) ოპოზიციის გაჩუმების, მოგერიებისა და ჩახშობის მიზნით“, აამოქმედა „რეპრესიული აპარატის ყველაზე მკაცრი და სასტიკი ფორმები.“ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, ვიდრე საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის მიხედვითაც, აშკარად გაიმარჯვა გონსალესმა და ხმების 67% მიიღო. არჩევნებიდან შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა, იტყობინება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI. აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა