თეგი: ნიკოლას ტენზერი
ნიკოლას ტენზერი: რუსეთთან ნდობით სავსე დიალოგი ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შეკავება და სანქციებია
პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორი, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) უფროსი თანამშრომელი, ნიკოლას ტენზერი უკრაინის კრიზისის გარშემო მიმდინარე პროცესებს Europetime-თან აფასებს. ნიკოლაზ ტენზერს ასევე ეკავა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. მუშაობდა სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად პრემიერ-მინისტრის აპარატში. მსახურობდა საფრანგეთის მთავრობის სპეციალური მისიის ხელმძღვანელად ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ალჟირში, უკრაინაში, მონტენეგროში, ეგვიპტეში, სერბეთში, ჰაიტიში, მაროკოსა და იორდანიაში. Europetime-თან საუბარში ის აცხადებს, რომ მოსკოვთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი ძალიან რთულია, ამიტომ აქცენტი რუსეთის შეკავებასა და მის წინააღმდეგ სანქციებზე უნდა გაკეთდეს. „რუსეთთან ძალიან გულწრფელი და ნდობით აღსავსე დიალოგი ძალიან რთულია. რა უნდა დავთმოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა?! ევროპული უსაფრთხოება?! ეს შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის შეკავება და სანქციები. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინაზე ახალი თავდასხმა მოხდება, ჩვენ უკრაინას მეტ ლეტალურ იარაღს მივაწვდით. ასევე შევთავაზებთ მეტ დახმარებას დაზვერვის კუთხით და რა თქმა უნდა, დავაკვირდებით სიტუაციას. ასევე, ბერკეტია სანქციები პუტინის ახლო წრის წინააღმდეგ, ვგულისხმობ იმ ოლიგარქებს, რომლებიც პუტინის რეჟიმისგან დიდ სარგებელს იღებენ“, - აღნიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი. მისივე თქმით, ასევე შეიძლება იყოს საუბარი Swift-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე; ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და მას რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შესაძლო დაჩქარების პროცესს, ნიკოლას ტენზერი რეფორმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ასევე ხაზს უსვამს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით მუშაობას, რადგან ევროკავშირი მოითხოვს ზუსტად ქვეყნების მხრიდან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას. საქართველოზე საუბრისას ნიკოლას ტენზერი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის დამოუკიდებლობის მიმართ ჭეშმარიტი ერთგულება გამოავლინოს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.