თეგი: ნიკოლოზ ემხვარი

ორბელიანების სასახლეში დღეს, აფხაზი მხატვრის, ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ორბელიანების სასახლეში დღეს, აფხაზი მხატვრის, ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს გამოფენა პრეზიდენტის მხრიდან თბილისში მიმდინარე არტ-ფეარისა და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მხატვარმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურისა და განათლების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენის მოწყობის იდეის შესახებ ისაუბრა და გამოფენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ამ სასახლეში ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა მხატვარს, ნიკა ემხვარს, რომლის ძალიან საინტერესო ნამუშევრებიც მე პირველად, რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის მუზეუმში ვნახე და აქედან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი გამოფენა ამ სასახლეში მოგვეწყო. თბილისში მიმდინარე არტ-ფეარის ფონზე, დღეს ძალიან დროულია ეს გამოფენა. ჩემი სურვილი იყო, ერთგვარად, ჩვენც ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მონაწილე. მხატვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შემოქმედებით თავის თავს წარმოადგენს, ის ასევე არის აფხაზეთიდან და მნიშვნელოვანია, რომ არტ-ფეარში ჩვენი გავლით აფხაზეთიც იყოს წარმოდგენილი. ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მხატვარმა ნიკა ემხვარმა საქართველოს პრეზიდენტს გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა. „ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ ჩემი სული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. დიდი მადლობა, რომ ხართ აქ, ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რომლებიც ადამიანის ბუნებას ასახავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მინდა ჩემი შემოქმედებით ვაჩვენო“,- განაცხადა ნიკა ემხვარმა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, მხატვრები არასდროს ყოფილან დისტანცირებული ყოფითი კულტურისგან და ყოფა და ჩვენი გარემო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა მათ შემოქმედებაზე. „ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო ეპოქაში, და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ნიკა ემხვარია, მის შემოქმედებაში ჩვენ შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ პოპკულტურის როლს, ჩვენს ცხოვრებაში იმ ე.წ. იმიჯებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში რჩება, ილექება და მერე უკვე ახალი ფორმით გამოვლინდება. ეს იმიჯები თავისთავზე მეტყველებენ, წარმოადგენენ იმავდროულად მედიუმს, რომლითაც მხატვარი გვესაუბრება და ამ უნივერსალურ ენაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა გასაგები, თავის სათქმელს ამბობს. ვფიქრობ, რომ ტრანსფორმაციისა და ამ პოპკულტურის როლის კუთხით მხატვრის ნამუშევრები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა სასახლეში 29 სექტემბრამდე დარჩება და ღიაა დამთვალიერებლებისთვის – შაბათ-კვირას 15:00-18:00 საათამდე და სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე. დამთვალიერებლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.