თეგი: ნიკო ფაშინიანი

ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას ფაშინიანის ოფისი ავრცელებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში. „ეს დიდად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სომხეთის მთავრობისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ბურჭულაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობაზე და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი. „შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის, ასევე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები,“ - წერს სომხური მედია ფაშინიანის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა

სომხეთის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ახლად დანიშნული ელჩებისთვის ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ელჩმა ნარეკ მკრტჩიანმა „მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის, ასევე, 8 აგვისტოს თეთრ სახლში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებისთვის.“ თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომეხი ხალხი იმსახურებს ხანგრძლივ მშვიდობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესის მიმართ. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და მის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში. ასევე, პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მადლიერების ნიშნად პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა.