თეგი: ნიუ იორკი
ნიუ იორკში გამდინარე წყლებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოაჩინეს
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოუკულმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოსახლეობის პოლიომიელიტის ვაქცინაციის დასაჩქარებლად მას შემდეგ, რაც ვირუსი შტატის ოთხ რაიონში აღებული გამდინარე წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება არავაქცინირებულ ზრდასრულებსა და ორი თვის ასაკიდან ბავშვებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, უკვე ვაქცინირებულ პირებს კი, ბუსტერდოზის მიღებას ურჩევს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსი შტატის სამ რიონში აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა.
დემოკრატი ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის არჩეული მერია
„ჩვენ პოლიტიკური დინასტია დავამხეთ“ - ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. 34 წლის მამდანი, რომელიც თავს სოციალისტს უწოდებს და რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი კომუნისტად მოიხსენიებს, 1892 წლის შემდეგ, ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი მუსლიმი მერი გახდა. „პოლიტიკური სიბნელის ამ მომენტში ნიუ-იორკი იქნება სინათლე,“ - ამბობს მამდანი გამარჯვების სიტყვაში, სადაც ის პირდაპირ ტრამპს მიმართავს. "თუ ვინმეს შეუძლია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატევ ერს აჩვენოს, თუ როგორ დაამარცხოს იგი, ეს სწორედ ის ქალაქია, რომელმაც ის წარმოშვა. დესპოტის შეშინების გზა თუ არსებობს, ეს არის იმ პირობების განადგურება, რომლებმაც მას ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, როგორ შევაჩეროთ ტრამპი, არამედ, როგორ შევაჩეროთ შემდეგი დესპოტი. დონალდ, ვიცი, რომ მიყურებ, სამი სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი: ტელევიზორს ხმა აუწიე," - მიმართა მამდანიმ აშშ-ის ლიდერს. „ნიუ-იორკი იმიგრანტების ქალაქად დარჩება, იმიგრანტების მიერ აშენებულ, იმიგრანტების მიერ მართულ ქალაქად და დღეიდან უკვე ქალაქად, რომელსაც იმიგრანტი უხელმძღვანელებს,“ - აღნიშნა მამდანიმ. აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკის ფედერალური დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა, თუ მამდანი დამოუკიდებელ ენდრიუ კუომოს და რესპუბლიკელ კურტის სლივას დაამარცხებდა. ტრამპმა მხარდაჭერა არჩევნების წინა დღეს, ენდრიუ კუომოს გამოუცხადა. ის დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა და არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ნიუ-იორკის ამჟამინდელმა მერმა ერიკ ადამსმა ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა. დამოუკიდებელი კანდიდატი კომო აცხადებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რეალურად არა მისი მხარდამჭერი, არამედ, მამდანის მოწინააღმდეგე იყო. არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. „საარჩევნო ბიულეტენზე არ იყო დონალდ ტრამპი და „შათდაუნი“, ეს ის ორი მიზეზია, რესპუბლიკელებმა არჩევნები რატომაც წააგეს,“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ეს პირველი არჩევნებია, სადაც დემოკრატებმა გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, საარჩევნო კამპანიის დროს მამდანიმ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ბავშვებზე ზრუნვის უნივერსალურ პირობებს შექმნიდა, სუბსიდირებულ საცხოვრებლებში ქირის გადასახადს გაყინავდა, უფასო საზოგადოებრივ ავტობუსებისა და ქალაქის მიერ მართულ სასურსათო მაღაზიების ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ხსენებული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხის დაფარვას ის გეგმავს მილიონერებისა და კორპორაციების ახალი გადასახადებით, რითაც 9 მილიარდ დოლარს მოიზიდავს. ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა - ინდოელი. მამა ისტორიკოსი და ანთროპოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მაჰმუდ მამდანია, დედა - კინორეჟისორი მირა ნაირი. 2020 წელს ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის წევრად აირჩიეს. 2024 წლის ოქტომბერში, როცა ნიუ-იორკის მერად კენჭისყრის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, ბევრი ფიქრობდა, რომ მამდანის შანსი ნულის ტოლია, თუმცა მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კანდიდატის შესარჩევად დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებულ პრაიმერიზში და ფავორიტად ითვლებოდა მერის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებითაც. მამდანიმ თავისი საარჩევნო კამპანია ააგო სოციალური საკითხების გადაჭრაზე, რაც განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ამერიკელებს აწუხებთ. კამპანიისთვის მამდანი აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს. ინფორმაციისთვის, „დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის გარდა სამ რბოლაში გაიმარჯვეს. აბიგაილ სპანბერგერი ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორი გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილი კი, ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელს დაამარცხებს და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი „დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.