თეგი: ომბუდსმენის არჩევა
ირაკლი კობახიძე ახალი ომბუდსმენის შერჩევაზე: ოპოზიციას უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ, თუმცა აქაც მოახერხეს საბაბის მოფიქრება
"ჩვენ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ. ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ბუნებრივია, აქ საბაბიც კი არ არის კრიტიკისთვის, თუმცა აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის შერჩევის საკითხს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად ღია იქნება. „თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, ვისთანაც ჩვენ შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი, თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში. დამსახელებელი სუბიექტები არიან ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანი ჯგუფი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ იქნება მათი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია, ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი და 7-კაციანი დეპუტატების ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში, აქედან გამომდინარე, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებს სახალხო დამცველის არჩევას. „ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები [ოპოზიციასთან]. დარწმუნებით შემიძლია, შედეგი გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან [ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა], რომლებიდანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი კანდიდატურა, მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო საერთო კანდიდატზე შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას. გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ. სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.