თეგი: ონკოპაციენტები
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პროგრამას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“ და ორი სხვა კლინიკა, მათ შორის „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. კლინიკებს შორის, რომლებშიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობაა შესაძლებელი ასევე არის: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“; ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“; ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია. „18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“ - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. მინისტრმა მიხელ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25-ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს. „პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებმაც აქამდე მოქმედი დაფინანსების წესით გათვალისწინებული 25-ათასლარიანი ლიმიტი ამოწურეს. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის დაფინანსების წესის შეცვლის მოთხოვნით თბილისში აქციებს ხშირად მართავდნენ. მათი თქმით, დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა პაციენტების ნაწილის სრულად განკურნებას.
ონკოპაციენტები, რომლებიც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან
ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები, რომლებმაც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან. მათთან ერთად არის მოძრობა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე, რომელიც ამბობს, რომ დღის 12 საათიდან ადგილზე არიან, თუმცა პრემიერ-მინისტრისგან მათ განცხადებაზე პასუხი ვერ მიიღეს, ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. "აქ ვაპირებ დგომას, მეც და ონკოპაციენტებიც დგანან აქ. 12 საათიდან აქ ვართ და არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძესთან განცხადება შევიტანეთ, მის პიარს მივწერე, ენახათ ეს განცხადება, ჯერჯერობით ეტყობა, ვერ ნახეს კარგად," - ამბობს გვანცა აფხაიძე რადიო თავისუფლების ცნობით. ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თითოეულ კიბოთი დაავადებულს დაფინანსება მისი საჭიროების შესაბამისად გამოუყოს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ონკოპაციენტებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსოს, მათთვის მხოლოდ მცირე შეღავათია. ხანგრძლივი პროტესტისა და მოლაპარაკების შედეგად, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განახადა, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო ძველებურად გამოუყოფს 25 ათას ლარს, თუმცა ცალკე აუნაზღაურებს მედიკამენტების ხარჯსაც. მანამდე წამლები პაციენტს მისთვის განსაზღვრული 25-ათასლარიანი ლიმიტიდან უნდა შეეძინა.