თეგი: ოფშორი
ლატვიამ რუსეთი ოფშორული ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან, რუსეთი დაბალი ან ნულოვანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებისა და ტერიტორიების სიაში შეიყვანოს. ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ მოუწოდა გადასახადის გადამხდელებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მდებარე, დაფუძნებულ ან რეგისტრირებულ პირებთან ტრანზაქციებს. რუსეთის გარდა, ოფშორული იურისდიქციების სიაში ასევე შედიან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კოსტა რიკა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკა. ეს ქვეყნები დაემატა ოფშორული იურისდიქციების სიას, რადგან ისინი დაბეგვრის საკითხებზე ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ. ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ ახალი დებულებები პირდაპირ თანხვედრაშია ევროკავშირის სიასთან და მის რეგულარულ განახლებასთან, რაც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს შემდგომი რეგულარული ტექნიკური ცვლილებები და მოახდინოს ყველაზე ეფექტიანი და დროული რეაგირება.
პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ცხრა იყო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით სამი მოსმენით განიხილეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიას კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო სურს. მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ ეს საკითხი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსი გამო მიიღეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. „ე.წ. ოფშორებში საინტერესო აღარ არის ბიზნესის წარმოება - გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა, ამიტომ ბევრი ამ ოფშორებიდან გადის და ჩვენთვის ძალიან პრინციპული არის, რომ [...] მაქსიმალურად მოვიზიდოთ, საქართველოში გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. „ასეთი ტრანზაქციები ექცევა ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლის, თუ სხვა საერთაშორისო (მაგ.: FATCA) რეგულაციებში, რომლითაც საქართველოს მთავრობას აქვს ნაკისრი მრავალი ვალდებულება. ამ ვალდებულებების დარღვევა კი საქართველოს სანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს,” – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი გამოცემა „პუბლიკასთან“ საუბარში. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ტრადიციულ ბრიფინგზე დაისვა შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტში. სპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას გაეცნობოდნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ გაასხვისებდა რუსეთში კუთვნილ ბიზნესს, რათა საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონპროექტს ვეტო დაადოს, თუმცა მმართველ პარტიას - „ქარულ ოცნებას“ მისი დაძლება არ გაუჭირდება. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობაში კი 83 დეპუტატია. ამავე თემაზე: პარლამენტი კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს განიხილავს