თეგი: ოფშორული კომპანია
პარლამენტი კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს განიხილავს
პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. პროექტი 82 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. "შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში: ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან; ბ) აქტივის/საქონლისსაქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე. შენიშვნა: 1. ეს ნაწილი გამოიყენება: ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი); ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის," - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან." საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს მიიღო, რომლის საჭიროებასაც "ქართული ოცნება" მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ, განაცხადა, რომ „რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს იღებენ რუსული ფულის კანონს.“ ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს. საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ „რუსული კანონის“ კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარლანენტის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად წესდება საგადასახადო შეღავათები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომელიც განხორციელდება 2028 წლის პირველ იანვრამდე. კერძოდ, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.