თეგი: ოჯახური ძალადობა
პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით, ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს. პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა, დ და კ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 5 144 შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 2021 წელს - პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 144 შემთხვევაზე დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წარდგენილ 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში. "ოჯახურ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით ამგვარია: 2014 წელი - 550; 2015 წელი - 1066; 2016 წელი-1356; 2017 წელი-1986; 2018 წელი-3955; 2019 წელი-4579; 2020 წელი-4633; 2021-5144. საგამოძიებო უწყების წლიური ანგარიშის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2021 წელს ამ მაჩვენებელმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საერთო რაოდენობის 21,1% შეადგინა. 2014-2020 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2021 წელს, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიკლო მცირედით და 91% შეადგინა. ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი წლების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მაგალითად, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 94%, ხოლო 2021 წელს 91% იყო. ამასთან, პროკურატურის ცნობით, 2021 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 732 ბრალდებულის მიმართ, მათ შორის, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით ( შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) - 8 პირის მიმართ. დაზარალებულად კი ცნობილ იქნა 754 პირი, მათგან 741 ქალი, 11 კაცი და 2 ტრანსგენდერი ქალი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კაცს, რომელმაც მეუღლის ოჯახის 5 წევრს დანით დაზიანებები მიაყენა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. " ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შსს: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში ვკითხულობთ. ამასთან, რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა. "მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა. „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ჩვენ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახორციელებთ, ვინაიდან რეციდივის ალბათობა და ძალადობის დამძიმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენ ასევე გავაანალიზეთ მოთხოვნილი საპატიმრო და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები წლების მიხედვით ოჯახურ დანაშაულებზე და სხვა დანაშაულებზე. ოჯახურ დანაშაულებზე ყოველწლიურად საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებელი ჩვენი მხრიდან იზრდება, ხოლო სხვა საქმეებზე მცირდება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ჩვენ მოვითხოვეთ საქმეების 85%-ის შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაშაულებზე 22%-ის შემთხვევაში“,- განაცხადა შოთაძემ.
გიორგი გაბიტაშვილი: 2022 წლის 9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული. 2022 წლის ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე „2014-2021 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან სასამართლომ 2022 წლის 9 თვეში დააკმაყოფილა 57%.“-აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა. გენერალური პროკურორორის მოადგილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური და სქესობრივი დანაშულების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის სამომავლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, წინა წლების მსგავსად ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და პროკურატურა შემდგომი წლების განმავლობაში განაგრძობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად. გარდა ამისა, გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შესახებაც, რომლის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. მან ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის ხელშეწყობას.