თეგი: პარაპლანი
გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა. ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა.
პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე პროექტი დამტკიცდა
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“. პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა. წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები. ინფორმაციისთვის, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.
რას გულისხმობს პარაპლანით ფრენის დროებითი წესი
პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოება შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტავს, რომ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიიღო, რომელიც ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. წესის მიხედვით, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას და პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია“ განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. ნორმატიული აქტის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. ამასთანავე, პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს. აღსანიშნია, რომ მფრინავებისთვის ფრენის კატეგორიის მინიჭება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს. ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი. წესის თანახმად, ფედერაციის ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განუსაზღვროს ფედერაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა. აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, "საქაერონავიგაციასთან" ერთად, უმოკლეს ვადებში დაასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პარაპლანით ფრენებისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის გამოყოფით შესრულდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისადმი დადგენილი ვალდებულებები. საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. რას გულისხმობს პარაპლანით ფრენის დროებითი წესი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა, ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო. „მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომოკის სამინისტრომ გაავრცელა.
პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე-თბილისი, კახეთი, მესტია, ბახმარო, გოდერძი, ბაკურიანი და სხვა ტერიტორიები. “პარაპლანებით ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველებმა გაიარეს პრაქტიკული გამოცდები. პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. პილოტის მოწმობები გაიცემა მფრინავებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. ფრენების დაწყებისთვის საჭირო სამუშაოების ფარგლებში, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი. ამასთან მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 15 ივნისს პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა.
17-თვიანი პაუზის შემდეგ პარაპლანით ფრენები აღდგა
17-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში, ფრენები 19 იანვრის მდგომარეობით ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება. „ფედერაციის საქმე იყო, დაგვესაბუთებინა რაღაც ადგილებში საჰაერო სივრცეების გამოყოფის საჭიროება. ამ სამ ადგილში ყველაზე მაღალი იყო დაინტერესებული პირების მოტივაცია და ინტერესი, თუმცა ვმუშაობთ სხვა ადგილებშიც, მესტიაში, კახეთში და თბილისის ზღვასთან ნებართვების მიღებაზე. გუდაურში ოპერატორი კომპანია უკვე გვყვავს, ყველაფერი თავმოყრილი და გაკეთებული აქვთ და მუშაობენ, ბაკურიანში ოპერატორი გვყვავს, მზად არის ოპერირებისთვის, თუმცა გარკვეული დეტალების გავლა სჭირდებათ, ანანურში ოპერატორი კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს მუშაობის დაწყებისგან, ზამთრის პირობებში ცოტა რთულად მისადგომია ის ადგილი და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებს კომერციულ ფრენებს. ოპერატორი კომპანიების ვალდებულებაა წესრიგის უზრუნველყოფა იმ სივრცეში სადაც დაფრინავენ, ასევე ასაფრენ და დასაჯდომ მოედნებზე. გარდაა ამისა, გააკონტროლოს, რომ ყველა პილოტი იყოს სერტიფიცირებული და ჰქონდეს გამართული საფრენი აპარატურა და დაზღვევა," - განუცხადა რადიო თავისუფლებას ირაკლი კაპანაძემ. ფედერაციამ პარაპლანით ფრენების ნებართვების მიღებამდე უზრუნველყო პილოტების კვალიფიკაციის შემოწმების და სერტიფიცირების პროცესი და შეიმუშავა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან ერთად დაზღვევის პაკეტი, რომლის ქონაც პილოტებისთვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელია. ეს დაზღვევა გულისხმობს მესამე პირის, ანუ მგზავრის ჯანმრთელობის ზიანის დაზღვევასაც. პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის საჭიროება პარაპლანით მფრინავი ეკიპაჟის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ამ ეკიპაჟიდან დაიღუპა ერთი ადამიანი. სულ, საქართველოში პარაპლანით ფრენისას დაღუპულია 7 ადამიანი. პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო მას შემდეგ, რაც გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფა მსხვერპლით დასრულდა. ცნობისთვის, 2023 წლის 15 ივნისს პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა. პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე პროექტი 2023 წლის 8 აგვისტოს დამტკიცდა.