თეგი: პარიზის ოლიმპიადა
მაკრონის თქმით, პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის
2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი სპორტსმენების შესაძლო ყოფნის შესახებ კითხის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, რომ რუსეთის დროშა აღიმართოს ოლიმპიადაზე „იმ დროს, როცა რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს.“ ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა რომ მას სჯერა, ამ საკითხზე კონენსუსი არსებობს. ამასთან, განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე, დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და მის ხელმძღვანელ თომას ბახზე. მან სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში დაამატა: „მე სრული ნდობა მაქვს თომას ბახის (IOC პრეზიდენტი)." თუმცა, მაკრონი იმასაც განიხილავს, როგორ განასხვავონ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც ომის მომხრეები არიან და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი არიან. „ეს არის რეალური კითხვა,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, IOC-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის. „ეს არის დამაბალანსებელი აქტი, რომლის მიღებაც მიგვიწევს,“ - აღნიშნა მაკრონმა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს აზიის თამაშებში გამოსვლა აუკრძალა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს სანქციები დაემუქრათ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.
რუს და ბელორუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ
რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს ამ ზაფხულს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის ულება არ მიეცემათ, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 19 მარტს. ეს სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით (AIN) იასპარეზებენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან. „რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ,”- ნათქვამია განცხადებაში. არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელორუსულ შეიარაღებულ ძალებში ან სპეცსამსახურებში სამსახურზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. კულებას შეფასებით, კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს.
მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება. შეკითხვას, უქმნის თუ არა რუსეთი ოლიმპიადას საფრთხეს, ემანუელ მაკრონის უპასუხა: „არაფერში არ მეპარება ეჭვი, მათ შორის ინფორმაციის კუთხით.“ მაკრონი ბოლო პერიოდში რუსეთთან მიმართებით სულ უფრო მკაცრ პოზიციას აფიქსირებს. მისმა მთავრობამ ასევე უფრო მკაცრი ხაზი გაატარა ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ. ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნი აცხადებდა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციების დაწესების შეთავაზებით გამოვა. პარიზი ბლოკის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მზარდ მცდელობებზე საუბრობს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს
16 აპრილს საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს. ოლიმპიადა 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყება. ამ სიმბოლური აქტით დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთსა და საფრანგეთში. ესტაფეტა დასრულდება პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც ოლიმპიური თამაშების ცეცხლს აანთებენ. პარიზი ოლიმპიადას 1900 და 1924 წლების შემდეგ მესამედ უმასპინძლებს.
სანდრო ბაზაძე: ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ, მაგრამ ფარიკაობას თავს არ დავანებებ
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ ფარიკაობა ის სპორტია, სადაც წლებია, „განუკითხაობაა და საშინელებები ხდება.“ „ყველგან ამას ვამბობდი, მსაჯი თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი,“ - წერს ბაზაძე . სანდრო ბაზაძე ამბობს, რომ ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონობა, პირველივე დღიდანვე მისი მიზანი იყო, მაგრამ მას „ამის საშუალება არ მისცეს: „მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი,“ - წერს სანდრო ბაზაძე. შეგახსენებთ, ქართველი მოფარიკავე ოლიმპიადაზე ასპარეზობას 1/8 ფინალური ეტაპიდან, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ გამოეთიშა, რასაც სანდრო ბაზაძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. "საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ, სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი," წერს ფარიკაობის ფედერაცია გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო: დიდად ვწუხვართ ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო
საქართველო საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნის შესახებ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „საპატრიარქო უერთდება მკრეხელური დადგმებით გამოწვეულ საერთო აღშფოთებას.“ „დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: „ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.“ ჩვენც, ჩვენი მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე: 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია
50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს. „ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ. „მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ეს არის პრიზიორებისთვის ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინასწარ მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯოლდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და მე ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოგილოცოთ. მადლობა გადაგიხადოთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად, ბატონ ლერი ხაბელოვს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ გამარჯვებასა და წარმატებაში. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე. წინ გველის პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით და მინდა, თქვენთან ერთად, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ. „ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა და გიორგი მეშვილდიშვილს მინდა, მივულოცო ასევე ბრინჯაოს მედალი, რომელიც გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე მთავრობამ მხოლოდ მიწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაუშვა. ღონისძიებას არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, ცერემონიაზე დასწრების შესახებ მას შეატყობინეს ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, 13:00 საათზე. 15 აგვისტოს, პრეზიდენტმა ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოოს. „მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ პარალიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულან.
პრეზიდენტმა უარი განაცხადა, ოლიმპიელები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოოს დღეს, 15 აგვისტოს. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიზეზებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უარს ამბობს ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე: „მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ.“ პრეზიდენტის თქმით, არსებობს მეორე მიზეზიც - ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დასრულებულა და პარალიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში 8 სექტემბრის შემდეგ ბრუნდებიან. „წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას... არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საზეიმო ღონისძიებას სექტემბერში გამართავს. „პრეზიდენტი ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი - ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ, ასე მოხდება, თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს,“ - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. „(პრეზიდენტი) ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ . მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როდესაც სრულდება ოლიმპიური თამაშები, ოფიციალური მიღება ტარდება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. აქტუალური არ არის ეს განცხადება. დაჯილდოება მისი საქმეა, როგორც მოგეხსენებათ, ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს, ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება. იცით, რომ სამწუხაროდ ორდენებით დაჯილდოების ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. 2021 წელს, როდესაც ანალოგიური დახვედრა გაიმართა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით დაჯილდოება. ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ ასე მოხდება. თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს. ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება,“ - აღნიშნა კობახიძემ. 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან: ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი; ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული; გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი. ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან: ტატო გრიგალაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი; ილია სულამანიძე - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი; გივი მაჭარაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი; ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი. პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა, პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს პარალიმპიადაში 14 სპორტსმენი წარადგენს.