თეგი: პატიმრების რაოდენობა
რა წერია ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პენიტენციური სისტემის შესახებ სტატისტიკას ასახავს
ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს აღემატება. პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; ევროპული საშუალო მაჩვენებელი 117 პატიმარია, მედიანური კი - 104; პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე. ევროსაბჭოს 2023 წლის კვლევის თანახმად, პატიმრების რაოდენობით თურქეთი უპირობო ლიდერია 303 945 პატიმრით. მას დიდი ბრიტანეთი (88 225) და პოლონეთი (71 874) მოსდევენ. ათეულში არიან საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, უკრაინა, რუმინეთი, აზერბაიჯანი. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული. კერძოდ, ნარკოდანაშაულზე მოდის პატიმართა მსჯავრის 23.6%. მეორე ადგილზეა ძარცვა (22.1%) და ეკონომიკური/ფინანსური დანაშაული (18.2%). 2023 წლის კვლევა 2022 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ეფუძნება. იმ დროისთვის საქართველოში სულ 9389 პატიმარი იყო. ევროსაბჭოს ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ ადამიანს სცდება, პატიმრების საშუალო ასაკი 38 წელი იყო. საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდა პატიმრები ბულგარეთში, დანიასა და საფრანგეთში ჰყავთ, ხოლო ყველაზე „ხანდაზმულები“ - საქართველოში. ბულგარეთში პატიმრების საშუალო ასაკი 31 წელია, საქართველოში კი - 44. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი - 14 თვე. ყველაზე მაღალი რიცხვები ამ კატეგორიაში პორტუგალიაზე, უკრაინასა და მოლდოვაზე მოდის - 31, 28 და 28 თვე. პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 100 000 სულ მოსახლეზე 264 პატიმრით, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს შორის მესამე ადგილზე იყო. სიის სათავეში რუსეთი და თურქეთი იყვნენ. მონაცემები 2019 წლიდან 2020 წლის 31 იანვრამდე პერიოდში შეგროვდა.