თეგი: პატრიარქი
პატრიარქმა ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს გვერდზე განთავსდა. „თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია, როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, - წერია მილოცვის ტექსტში.
პატრიარქი: უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ეს მსოფლიო ტრაგედიად იქცევა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. პატრიარქი სოციალურ ქსელში წერს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს. „უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ეს მსოფლიო ტრაგედიად განვითარდება“, – წერს პატრიარქი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
პატრიარქი: გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე აცხადებს, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. „საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც, გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს. ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ“, – ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
პატრიარქის კურთხევით, უკრაინის მოსახლეობისთვის თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში დახმარების შეგროვება იწყება
პატრიარქის კურთხევით, 17 თებერვლიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტის და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. დამატებითი დეტალები სრულად ნახეთ ბმულზე.
პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, შენდობის წესი აღასრულა. პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა შეუნდობელი არ დარჩეს. "სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისაკენ ზოგი უმცირესობისაკენ და ჩვენ უყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია. აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლის ღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს. ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ჩვენი ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისათვის. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებას, ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს მისი მოთმინებისათვის. ყოველდღე ჩვენ რამდენჯერმე ვლოცულობთ „მამაო ჩვენოს“ – „და მომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მოუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა. თანანადები ჩვენი - ეს არის ვალი ჩვენი და მოგიტევებთ ჩვენ ვალი შენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვარესა ჩვენსა. არ შეიძლება, ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, ცოდვას იღებს ადამიანი და ეს გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი? უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდაი ცოდვასა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს აუცილებელია. ჩვენ ვცდილობთ სიკეთე ვაკეთოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს და პასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება. დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია ერთმანეთისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს, ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შენდობა მივიღოთ მოყვასისა ჩვენისა და უპირველეს ყოვლისა მე მინდა, გთხოვოთ შენდობა. ცოდვა გარდაუვალია, ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ, ღმერთმა ინებოს წყალობა. ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას „ინტრეპრესნიუსის“ ცნობით.
ილია მეორე: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. „ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება", - განაცხადა პატრიარქმა. ასევე წაიკითხეთ: თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო
პატრიარქი მრევლს მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს
ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება, - ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში. ილია მეორე მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს. „სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნთესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“ (ვთქვათ სამჯერ). ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო! კვირას, 20 მარტს, კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს, ამინ“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.
ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
პრეზიდენტი: პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ პრესმდივანი აკეთებს საჯარო კომენტარებს ამ თემაზე. „პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, - აღნშნულია პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედთან“ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება „ვერ მოხერხდა“. „სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
სალომე ზურაბიშვილი: მინდა, ვატიკანიდან მივმართო საქართველოს პატრიარქს, როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ევროპის გულში ვართ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვის გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართა. „მინდა, ვატიკანიდან მივმართო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს! თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში და ეს ყველასთვის უდიდესი სიამაყე და უდიდესი სიხარული იყო. სიხარული იმ დროს, როცა სასიხარულო ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად. ეს არის ის ნიშანი, როცა საქართველო შემოდის „სიქსტის კაპელაში“, ეს არის დაგვირგვინდება ჩვენი ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობებისა, რომლის 30 წლისთავსაც აღვნიშნავთ დღეს, და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს, ეს ჩვენი ორი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ძმობის დაგვირგვინებაცაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიად საქმეში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ და ბედნიერი, რომ დასტური მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანჩესკესგან სწორედ მე მომეცა, როცა შარშან ოფიციალური ვიზიტით აქ ვიმყოფებოდი და სწორედ ამ დარბაზში, ერთი წლის წინ, გამოვაცხადეთ ეს უდიდესი და სასიხარულო ამბავი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმის აღსრულებას ყველა სახელმწიფო უწყებების ჩართულობა სჭირდებოდა: დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, საპატრიარქოს, საპატრიარქოს გუნდს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქმეს, ის საქმე გამოდის და გამოდის ყველაზე მაღალ დონეზე. ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია, სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნულ თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმის ფაქტსაც გამოეხმაურა. „მინდა, აქედან მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და დღეს მომხდარი კიდევ ერთი უსასტიკესი ფაქტის გამო, ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუშინდელი სიხარული და ბედნიერება დაფუძნებულია იმ ღრმა იმედზე, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე „მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით "მეგობრობის ორდენზე" გამოსახულია ლოტის მიერ დარგული მამამთავარ აბრაამისთვის ანგელოზისგან მიცემული სამი ხის კვერთხისგან აღმოცენებული სასწაულებრივი ხე - ნიშანი ღვთის შეწყალებისა და მფარველობისა. ამასთან, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას 25-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული და მათ შორის განსაკუთრებულად ძვირფასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გადაცემული ,,მეგობრობის ორდენია“. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებები, ასევე დავით გარეჯის საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ძმური დამოკიდებულებით მშვიდობიანად და წარმატებით გადაილახება ნებისმიერი დაბრკოლება. ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელსაც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი. მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
პატრიარქი: დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად
დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ის ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. დღეს არის მწუხარების დღე დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას. ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი. ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ილია მეორე: იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას
საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დღესასწაულს - ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას“, - ნათქვამია ტექსტში.
პატრიარქი: ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა
ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვა. წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს "ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო. იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა. ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"- ვკითხულობთ განცხადებაში.
ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა. პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე, არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
მეუფე იაკობის თქმით, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის დაქვემდებარებაში გადავა
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის გამგებლობაში გადავა. შესაბამისი განცხადება მედიასთან მეუფე იაკობმა გააკეთა. ამის შესახებ სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. „ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, - აღნიშნა თავის მხრივ, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან. „რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, სინოდი არ შეკრებილა და პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი სწრაფად დამთავრდეს და ომის დასრულდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. იმ ადამიანების მწუხარება გავიზიარეთ, მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, იქ რაც ხდება. ხომ ვიცით, იქ რაც ხდება?! ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიოს პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს მივუსამძიმრეთ. იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი და აფხაზეთი აღიარა. ჩვენი ეკლესია იდგა იქ, სადაც საქართველოა და ქართველი ხალხია. ასევე, განვიხილეთ მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ. უკრაინის ეკლესიის თემა ცოტა სხვანაირი თემაა და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უკრაინის ეკლესიასთან სხვა დამოკიდებულებაა და იქ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში თვითონ დედა ეკლესიებმა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მარტო სტატუსია დამოკიდებული ჩრდილო მაკედონიაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მაგის მერე გადაწყდება, როგორც გადაწყდება და იმ სტატუს ჩვენც შევუერთდებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან. წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა. საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია 18 ნოემბერს გაავრცელა.
გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია - პატრიარქი
საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. "გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და რომელნიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება დღევანდელ პოზიციათა სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას. მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა. სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, - ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი. ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს. მკაფიო საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას იუნესკოს ექსპერტთა ანგარიშიდან: „მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას აფერხებს მათი მდგომარეობის შესწავლისა და შესრულებული ჩარევების დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა, ასევე ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის სიმწირე. შემაშფოთებელია დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ჩატარებული გადაუდებელი ჩარევების დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას.“ „A thorough assessment of the conservation treatments undertaken on the mural paintings in the Main Church are hampered by the apparent lack of documentation related to their condition assessment and the past interventions, as well as by the lack of analysis of the plaster and painting techniques. Nevertheless, concerns can be confidently expressed regarding the approach and selection of some of the materials and techniques for emergency interventions on the wall paintings in the upper part of the west wing. “შემდეგი: „კიდევ ერთი დამაფიქრებელი საკითხია მხატვრობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.“ „Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“. შემდეგი: „კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის არარსებობას, განსაკუთრებით თაღების ზედა ნაწილებში, თუმცა იგი აუცილებელია ყველა მხატვრობისთვის, რადგან ფერწერის ტექნიკის, ცვლილებისა და დაზიანებების ფენომენების და შესაძლო საკონსერვაციო ზომების უკეთ შეფასებისა და კორელაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.“ „Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია - რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან. ასევე გვსურს გელათის ირგვლივ შექმნილ ზოგად პრობლემატიკასაც შევეხოთ. იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 30.09.2022 წ.-ს გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის ბ-ნ ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის ქ-ნ ტერეზა პატრიციას მიმართ. მისმა უწმინდესობამ ითხოვა, რომ საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო. იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს. ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას", - ნათქვამია განცადებაში.
ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
„საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის“, - ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი. „შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე“.
ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა - პატრიარქი
მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი2023 წ.
როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - წულუკიანი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე
როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც საუბარია პოლარიზაციაზე. ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა - პატრიარქი „როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვეცნობით ყურადღებით მის ეპისტოლეებს და გვაქვს მისი ეპისტოლიდან ამონარიდები სახელმძღვანელოდ. მას ვუდასტურებთ კიდევ ერთხელ სიყვარულს. ვულოცავთ აღდგომას და ვუსურვებთ, რომ დიდხანს ყოფილიყოს ქვეყნის იმედად და ბურჯად, როგორც ამდენი ათეული წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ილია II-ის ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 22 აპრილს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა მანამდე დეკანოზმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91% მოწონების მიხედვით პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ასახეელბს. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახი კალაძეა - 52%, კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს - 48%, მის შემდეგ ადგილს კი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - 43%. გამოკითხულთა 36%-36% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ. მათ შემდეგ კი 35%-ით რეიტინგში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს
RI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, მესამე კი 63 %-ით ქართულ პოლიციას. შემდეგ 62 %-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება. 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს, 41 % - პრემიერ-მინიტრის ოფისს, 39 % - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 39 % - სასამართლოებს, 36% - ეროვნულ ბანკს, 36% - პარლამენტს, 36% - პროკურატურას, 32 % კი - პოლიტიკურ პარტიებს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არქიმანდრიტ საბა ჟღენტის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. ,,მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო და არის ეს პიროვნება. მან სასულიერო ცხოვრების წესი გასული საუკუნის 90-იან წლებში აირჩია და დაუღალავად იღვაწა; არაერთი ეკლესია ააშენა და მრავალი კეთილი საქმე აღასრულა. ღმერთმა აცხონოს სქემ-არქიმანდრიტ საბას უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ!", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.
ილია მეორე: გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი - 26 მაისი
„გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი, მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი. „გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი, ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება. ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა. ეს იყო ჟამი საერთო-სახალხო დიდი სიხარულისა და ზეიმისა, რომელსაც ჩვენც ამ გრძნობით აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ სხვა მოვლენებიც. როგორც ცნობილია, ქვეყნის დამოუკიდებლობამ მხოლოდ 1921 წლამდე გასტანა, თუმცა ხალხს დიდი მუხტი მისცა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალა; ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო მათ ძალმომრეობით რეჟიმს თავიდანვე დაუპირისპირდა და მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობდა. ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მზადებას ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და სხვებთან ერთად უძღვებოდა შესანიშნავი მამულიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის ავტორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თანამონაწილე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) დისშვილი, კოტე (კონსტანტინე) აფხაზი (შერვაშიძე). მაგრამ მოღალატემ შეთქმულნი გასცა. ზუსტად 100 წლის წინ თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა დახვრიტეს ჩვენი ხალხის საუკეთესო ნაწილის გამორჩეული წარმომადგენლები, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სამხედრო ცენტრის 15-ვე წევრი. ესენი იყვნენ: 1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სამხედრო ცენტრების ხელმძღვანელი, გენერალი კოტე აფხაზი; 2. გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი; 3. გენერალი ვარდენ წულუკიძე; 4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი; 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი; 6. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი; 7. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი; 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი; 9. როტმისტერი სვიმონ (სიმონიკა) ბარგატიონ-მუხრანელი; 10. როტმისტერი ფარნაოზ ყარალაშვილი; 11. ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი; 12. სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი; 13. იასონ კერესელიძე; 14. სვიმონ ჭიაბრიშვილი; 15. ივანე ქუთათელაძე. კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“. ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დღევანდელობის საფუძველია. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს კონსტანტინე შერვაშიძეს (კოტე აფხაზს) და მის თანამებრძოლთა უკვდავ სულებს და საქართველოსთვის თავდადებულ ყველა მამულიშვილს, ხოლო მათი შთამომავალნი მშვიდობით აკურთხოს. მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი, – როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი. ღმერთმა მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
ილია მეორე: სიხარული შედეგია სიყვარულისა - გიყვარდეთ ერთმანეთი
სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ილიაობა მიულოცა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი!" - აღნიშნა პატრიარქმა. ცნობისთვის, 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში. ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
ილია II: იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ევროკომისიის დადებით შეფასებას ყველას ულოცავს წარმატებას. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას,” - წერია პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
დანიგანი საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქი ეროვნული საგანძურია. „ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით. ჩემთვის ამაღელვებელი მომენტი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა. მას ვუთხარი, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე იმ გავლენამ, რაც მას აქვს საქართველოზე. ის ამდენი წლის განმავლობაში არის უდიდესი სულიერი ლიდერი და ეხმარებოდა ამ ქვეყანას აშენებაში. მე ასევე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას იმ წვლილისთვის, რასაც ის მშვიდობისთვის ეწევა, მშვიდობისთვის ხალხის სულში, ოჯახებსა და მსოფლიოში. ის ეროვნული საგანძურია და ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან სტუმრობა. მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით,“ - განაცხადა ელჩმა. საქართველოს საპატრიარქოს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ. საპატრიარქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა.
პატრიარქი: დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პატრიარქი საქართველოს ულოცავს „გამორჩეულ დღეს“ და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამასთან, ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. გილოცავთ და გლოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი,” - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დღეს ილია II-ის აღსაყდრების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი სრულდება. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მათივე ცნობით, მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“ იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე სამრევლო-საკვირაო სკოლამ საკუთარი ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. მონაწილეებმა წარადგინეს მუსიკალური ნომრებიც.
პატრიარქი: 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო
„ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო,“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვაზე ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული გვაძლიერებდა ჩვენ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის. ჩვენთან არს ღმერთი,“ - აღნიშნა ილია მეორემ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.
მიტოპოლიტი შიო პატრიარქს: თქვენი განვლილი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით, თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ..." - ამბობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაჯავშირებით. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 46-ე წლისთავს აღნიშნავს. ქართველ ერზე ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მოავლინა. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია. „მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. როცა კათედრაზე მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მარგუნა, მაგრამ ვიცოდი და თქვენც უნდა იცოდეთ, რომ როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას,“ - იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო. მას შემდეგ თქვენ დღითიდღე თავდაუზოგავად შრომობთ და ნათელ მაგალითს გვაძლევთ იმისა, „თუ ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია, ღვთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა.“ თქვენი სულიერი შვილები მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის ნაყოფს, რომელიც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდა: სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე აღმშენებლობა, საგანმანათლებლო, მისიონერული თუ სოციალური საქმიანობა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე, რაც ეკლესიაში თქვენი ლოცვა-კურთხევით წარიმართება, მოწმობს იმას, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის - „სიტყვა იგი ღმრთისა, აღორძინდეს და განმრავლდეს რიცხვი იგი მოწაფეთა.“ თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებლად ღვთისა და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, ისპოლა ეტი დესპოტა!“ მიტროპოლიტ შიოს ამ სიტყვებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა
4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
დეკანოზმა განმარტა, რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა პატრიარქმა სამების ტაძარში
დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს. „პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო,“ - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და წყლის კურთხევის წესი ჩატარდა.
პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად,“ - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
პატრიარქი: ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის
საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი. „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს! დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება. მინდა, შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: - ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს. ამ ლოცვის ტექსტი ასეთია: ,,კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმინდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ დიდების წმინდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცვარ-ნამო და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, თრთვილნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, დღევ და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ანანია, აზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმლის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან! აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!” (დან. 3,52-90). ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა. ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!"