თეგი: პატრიარქი კირილე

მედია: ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაცია Deutsche Welle AFP-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება. პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ეკონომიკური ზომების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა. AFP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება, მათ შორის, რუსი სამხედროების და კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ოჯახის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება