თეგი: პენსიონერები
ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს
ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა. „წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ, ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთნენ ბატონი ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა. „დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა. „რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიძლება კითხულობდეს. ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი ახალი წამოწყების დაფინანსება, ახალი პროგრამების დაფინანსება. 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ეს არის რეალური, ის რაც ჩვენ შევძელით. მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტით შევამცირეთ მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო 60%-მდე მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებებით, საქართველოს მოქალაქეებს, პენსიები გაეზრდებათ. "70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს 2024 წლიდან უფასოდ მიიღებენ
ქრონიკული დაავადებების მქონდე პენსიონერები მედიკამენტებს 2024 წლიდან უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია. „ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის დაახლოებით 400 ათასი პენსიონერი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია - 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას [აზარაშვილი] აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-იდან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაცია: ქირურგიული ოპერაციები, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება
ომბუდსმენი "ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერების სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას ითხოვს
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას, "ლიბერთი ბანკის" მიერ, მთავრობის რეკომენდაციით, სესხების რამდენიმე თვით გადავადების შედეგად ხანდაზმულ პენსიონერთა უფლებების დარღვევის თაობაზე. კერძოდ, ხანდაზმულ პირებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივდა, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი (ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო). ომბუდსმენის თქმით, ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა. „საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. "საშეღავათო პერიოდის" გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა, არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ "ლიბერთი ბანკისადმი" მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს "ლიბერთი ბანკის მიერ" პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხები. 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველმა ეროვნულ ბანკს მიმართა წინადადებით და (პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით) შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც სს "ლიბერთი ბანკი" მოახდენს ბენეფიციარ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას. ომბუდსმენის თქმით, შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ გადავადებამდე არსებულ პირობებსა და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნებაც. ომბუდსმენმა ასევე მოითხოვა პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.