თეგი: პენსიონერი

პეტერბურგში საიდუმლო თანამშრომლობის ბრალდებით პენსიონერი დააპატიმრეს

სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ უცხო ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობის საქმეზე 67 წლის დაღესტნელი კაცი დააპატიმრა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ცნობით, „ბრალდებულმა, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიმართა და შეატყობინა თავის გეგმაზე, უკრაინის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის საომარ მარცხს." პრესსამსახურის თქმით, ეფესბეს მუშაკებმა "ყველაფერი მალე შეიტყვეს", თუმცა განცხადებაში დეტალები დაზუსტებული არ არის. დაკავების შემდეგ ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სასამართლომ ის 11 მარტამდე დააპატიმრა. 2023 წელს რუსეთში სულ მცირე 148 მოქალაქეს დასდეს ბრალი სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის და უცხოელებთან საიდუმლო თანამშრომლობის მუხლებით. უფლებადამცველები თვლიან, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია და რომ ამ მუხლებით დევნა 2024 წელს გაძლიერდება. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.