თეგი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა
"საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა 152 განცხადება/შეტყობინება მიიღო. მათგან - 73 (48%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 40 (26%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (26%) — სამართალდამცავ ორგანოებში", - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, აღნიშნულ ანგარიშში სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 1 მარტიდან - ივნისის ჩათვლითაა წარმოდგენილი. „სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 38 შემოწმება (ინსპექტირება). მათგან 32% (12) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 68% (26) — არაგეგმურად. გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 56% (20) შეეხებოდა კერძო სექტორში, 33% (12) — საჯარო სექტორში, ხოლო 11% (4) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 18 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 15 პირს — გაფრთხილება. სამსახურმა გასცა 1084 კონსულტაცია, 49 დავალება და რეკომენდაცია; სამსახურმა ჩაატარა 13 საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი 490 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდნენ როგორც მონაცემთა სუბიექტებს, ისე მონაცემთა დამმუშავებლებს. სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 53 შემთხვევაში გამოიყენა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იხილეთ ანგარიში ბმულზე.
პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იკვლევს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს. ჯანაშვილი საქმის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ საკითხზე სამსახურის გადაწყვეტილება აპრილამდე გახდება ცნობილი. „ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. "რუსულ კანონს" უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. საია მოუწოდებდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულიყვნენ ამ მოვლენით. „2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია,” - წერია საია-ს განცხადებაში.
მოქალაქეებისადმი მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების საქმე პროკურატურას გადაეგზავნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცხო სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მოქალაქეებთან ზარები განხორციელდა, არ არის კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული და სატელეფონო ნომრები არააქტიურია. განცხადების მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, „იქიდან გამომდინარე, რომ სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინებისკენ, საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას.“ „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდება როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი პირები, ორივე შემთხვევაში, საუბრობენ ქართულ ენაზე. მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო ზარები მიემართება მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წარმოადგენს მათი დაშინების მცდელობას. კერძოდ, სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით, ეკითხებიან, თუ რატომ არ უჭერენ მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ. გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს. როგორც მოქალაქეების ნაწილი სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მიუთითებს, უცხო სატელეფონო ნომრებიდან შემავალ ზოგიერთ ზარს არ უპასუხეს და ზარის ინიციატორებთან მათი კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა, მათი რწმენით, აღნიშნული ზარებიც ცალსახად უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და, შესაბამისად, მათ პოლიტიკურ შეხედულებას, რაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ამგვარ შემთხვევებშიც, ახლობლებთან თუ ნაცნობებთან განხორციელებული მსგავსი ზარების შინაარსის გათვალისწინებით, მიაჩნდათ, რომ თუ კომუნიკაცია შედგებოდა, იგი იქნებოდა დამაშინებელი, მუქარის შემცველი ან/და შეურაცხმყოფელი. საგულისხმოა, რომ მომართვების ავტორები მიუთითებენ, მათ შორის, ღამის საათებში განხორციელებულ ზარებზე, რომლებიც მათსა და მათ ოჯახის წევრებში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. როგორც მოქალაქეები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ზარის განმახორციელებელი პირებისთვის ცნობილია ზარის ადრესატების საცხოვრებელი მისამართები, ისინი მუქარას აღიქვამენ რეალურად. ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, სამსახურმა შემოწმების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისთვის განახორციელა საქართველოში მოქმედი სამი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის - შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „სელფი მობაილის“ ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის დათვალიერება. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული იმ ქართული სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მონაცემთა სუბიექტებთან სატელეფონო ზარები განხორციელდა, არ არის მათ ქსელში კონკრეტულ პირებზე (მათ შორის, სატელეფონო ზარების განხორციელების დროს) რეგისტრირებული, შესაბამისად, სატელეფონო ნომრები არააქტიურია. ამდენად, მათთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. შემოწმების ფარგლებში, ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ქსელში კონკრეტულ პირზე რეგისტრაციის მიუხედავად, სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერის თანახმად, მითითებული ნომრიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება გამავალი/შემავალი სატელეფონო ზარები. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია. შემოწმების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ანალოგიური პროცესი იკვეთება უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებითაც. ადგილზე შემოწმების ფარგლებში, ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულ აბონენტებთან, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანული ნომრებიდან ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ზარები, რაც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპერატორისგან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არ ხდებოდა მათი ქსელის გავლით. შემოწმების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ სამსახურისთვის მოწოდებული განმარტებების თანახმად, მათთვის უცნობია მათ ქსელში არარეგისტრირებული სატელეფონო ნომრების მფლობელების ვინაობის და დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შემოწმების ფარგლებში ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ნომრებიდან, 2024 წლის მაისის თვეში, დაფიქსირდა აღნიშნული კომპანიის ოთხასზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც, მითითებულ პროცესში მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, ერთგვაროვანი მეთოდის (ე.წ. Caller ID Spoofing) გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს, ამასთან, ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას,“ - ნათქვამია განცხადებაში.