თეგი: პლაჟი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოდესამ პლაჟები ოფიციალურად პირველად გახსნა
უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის ხელისუფლებამ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პლაჟი ცურვისთვის პირველად გახსნა. Reuters-ის ცნობით, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ საჰაერო განგაშის დროს პლაჟით სარგებლობა აიკრძალება. ოდესა რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე არაერთხელ გახდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და პლაჟებზე ნაღმების აფეთქების ინციდენტების შემდეგ, სანაპირო დაიკეტა. „პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს ქალაქის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ,“ - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა. მისი თქმით, პლაჟები ღია იქნება დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. მიღებულია უსაფრთხოების ზომებიც. ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობა დამსვენებელს ზედაპირული ნაღმებისგან დაიცავს.