თეგი: პოლიტიკოსები
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს ხვდება. ღონისძიება ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით იმართება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ მხარეები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებსა და კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. საუბარი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეც.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია - IRI-ის კვლევა
IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. ამასთან, კვლევის მიხედვით, ნოემბერის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტია „ხალხისთვის“ და პარტია „მოქალაქეებს“, ამ პარტიებს IRI-ის კვლევის მიხედვით 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. IRI-ის კვლევის თანახმად 1%-იანი მხარდაჭერა აქვს შემდეგ პარტიებს: ალტ-ინფოს „კონსერვატიულ მოძრაობას“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ევროპულ საქართველოს“. IRI-ის ახალ კვლევაში ასევე გაზომილია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ რეიტინგიც. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს 1%-ზე ნაკლები უჭერს. ამასთან გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემდა. ამავე კვლევის თანახმად, პარტიებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39% და „ქართულ ოცნებას“ – 34%. IRI-ის ახალ კვლევაშიც გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია გამოხატავს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.