თეგი: პრორუსული პარტია
კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს
უკრაინის სასამართლომ პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მისი საქმიანობა უკრაინაში საბოლოოდ აკრძალა. პარტიას ხელმძღვანელობდა ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაშია. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლებოდა. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქიის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლიგარქ ოლან შორის პრორუსული პარტია აკრძალა
ორშაბათს მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა პრორუსული პარტია შორი, რომელიც თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავს და რომელსაც ბიზნესმენი, ილან შორი ხელმძღვანელობს. ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სასამართლომ ისრაელში მცხოვრები ილან შორის ხელმძღვანელობით პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მისმა გადაწყვეტილებამ დაუყონებლივ აკრძალვა გამოიწვია და იუსტიციის სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც დაასრულებს პარტიის დაშლის ყველა იურიდიულ პროცედურას. პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, ილან შორს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა და ახლა სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფება, სადაც ის ასევე მოქალაქეობას ფლობს. შორის 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონებასაც ჩამოართმევენ. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN