თეგი: პროტესტი
თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს. „დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი დღეს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პროფესორებმა განცხადება გააკეთეს. ისინი გმობენ ძალადობას და ამბობენ რომ მზად არიან სტუდენტებთან ნებისმიერ საკითხე ინდივიდუალურად იმუშაონ. „ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი. აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ. მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს! აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადაიდგა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი. იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, - განაცხადეს პროფესორებმა. ასევე წაიკითხეთ: თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი
რუსეთის დღესთან დაკავშირებით, ევროპის დედაქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა
ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ჩატარდა ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პროტესტი ძირითადად, რუსი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული. აქცია ლონდონში, ვარშავაში, ბერლინში, ჰელსინკიში, პარიზში, პრაღაში, ვენაში და თბილისშიც გაიმართა. კიევში აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაზე ტილო წარწერით - „რუსეთის ბოლო დღე“ ჩამოკიდეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებას უსურვებს. ლატვიელი დიპლომატი რუსეთს ასევე უსურვებს, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე. „რუსეთი აღნიშნავს თავის დღესასწაულს, მე ვუსურვებ დამარცხებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას და საბოლოოდ, თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის შექმნას", - წერს რინკევიჩსი.
ფოტოსესიის დროს გაშიშვლებულმა აქტივისტებმა, გერმანიის კანცლერს, რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდეს
კვირას, 21 აგვისტოს „ფედერალური მთავრობის ღია კარის დღეზე“ გამართულ ღონისძიებებზე ორი სტუმარი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი სურათის გადაღებისას მოულოდნელად წელს ზევით გაშიშვლდა. ორმა გოგომ, ოფიციალურ შეხვედრაზე საპროტესტო აქცია მოაწყო და ოლაფ შოლცს, „რუსული გაზის ემბარგოსკენ“ მოუწოდა. აქვიის ერთ-ერთ მონაწილეს მკერზე ჰქონდა წარწერა „გაზის ემბარგო -ახლა“. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონდა. Focus-ი წერს, რომ „შოლცი ოდნავ გაკვირვებული დარჩა“. აქციის მონაწილე გოგოები ინციდენტის ადგილიდან დაცვამ გაიყვანა.
სოხუმში, ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ
ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის, #Ҳараҳпицунда-ს თანახმად, მდუმარე მსვლელობას დემონსტრაციის ელემენტებიც ექნება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა მსვლელობა სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. აქციის ჩატარების ნებართვა ორგანიზატორებმა ქალაქის მერიიდან მიიღეს. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში მათი საქციელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა დავით ფილიამ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში კი წერდნენ, რომ ახალგაზრდებს ოპოზიცია მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებს. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.
ირანში, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა
ირანის დედაქალაქ თეირანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს სტუდენტები, რომლებიც გაურბიან უსაფრთხოების ძალებს, ისმის სროლის ხმა. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე,გ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო არხმა, საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი, პირდაპირ ეთერში არ აჩვენა
ირანის სახელმწიფო არხმა, Irib TV3-მმა საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი პირდაპირ ეთერში არ აჩვენა. ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს ამასთან, არხზე ასევე ხმა ითიშებოდა იმ მომენტებში, როდესაც სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ანტისახელისუფლებო მიმართვებით გაჯერებულ სიმღერებს მღეროდა. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.
სოფიაში, ეკლესიასთან, რომელშიც რუსეთის ელჩი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იმყოფებიან, მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს
ბულგარეთში, სოფიის ცენტრში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები იმ ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, მიტროპოლიტი ანტონი იმყოფებიან. სოფიაში, რუსული ეკლესიის წინ მოქალაქეები სკანდირებენ "მკვლელები" და "ეს არ არის მოსკოვი". პროტესტი დაიწყო მიტროპოლიტ ანტონი ვოლოკოლამსკის ვიზიტის გამო, რომელიც მიტროპოლიტის გადაყენების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს "საგარეო საქმეთა მინისტრად" დაინიშნა. ილარიონი საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობს. წირვას ასევე ესწრება რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს კვლავ აგრძელებენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი ამასთან, ექიმები ამ დრომდე შეხვედრას ითხოვენ კლინიკის დირექტორთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან. "სამინისტროს პოზიცია ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია... ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება პერსონალს და ჩვენი მოთხოვნაა, არ შეწყდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა", - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.
ჭიათურიდან თბილისში გადავინაცვლებთ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გავაგრძელებთ - გაფიცული მაღაროელები
გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. „ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.