თეგი: პროფესიული განათლება
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო. 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი 38.1%-ით, რომელსაც მოსდევს აჭარა – 17.2%-ით, შემდეგ მოდის იმერეთი – 10.4%-ით, სამერელო-ზემო სვანეთი – 9.7%-ით, კახეთი – 4.8%-ითა და ქვემო ქართლი – 7.8%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2 პროცენტი ქალია, ხოლო 64.8 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში – 42.4%, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 10.2%-ით. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, მომსახურებების, ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამებზე. გარდა ამისა, 2023/2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა მიღება - 8.4 პროცენტით, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 22.5 პროცენტით გაიზარდა.