თეგი: ჟენევის მოლაპარაკებები
ჟენევის მოლაპარაკებები 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად იმართება
შვეიცარია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდს მასპინძლობს. ეს ჟენევის ფორმატში 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი მოლაპარაკებებია. ინფორმაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრა ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი. „მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ ევროპული შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების აუცილებლობა. კავშირი, ასევე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთმა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილზე“ გადატანა მოითხოვა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ შვეიცარიაში შეხვედრების გამართვა პრობლემურია „მას შემდეგ, რაც ბერნი შეუერთდა არალეგიტიმურ ანტირუსულ სანქციებს და სხვა დისკრიმინაციულ შეზღუდვებს, ასევე აღვირახსნილ რუსოფობიურ ისტერიას“. ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა. 56-ე რაუნდი მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ შეხვედრა გაუქმდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს. ჟენევის მოლაპარაკებები 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად იმართება უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გაკეთდა, რომლებიც რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას შეეხება. „საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში-აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 2022 წლის 5 ოქტომბერს საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდში მონაწილეობისას, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
ფილიპ რიკერი: აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია. ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ფილიპ რიკერმა, განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ფილიპ რიკერის კომნტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. ფილიპ რიკერის თქმით, აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია. „სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა, გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადებას ავრცელებს მისი თქმით, საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია. „რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. თბილისიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლებიც შემომიერთდნენ და ახლა დავბრუნდები ვაშინგტონში და მოვახსენებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს“, – აღნიშნა რიკერმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებები პირველად გაიმართა.
საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართულმა დელეგაციამ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, "რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას." სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა "კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება" და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დროს დატოვეს მოლაპარაკებები. „5-6 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს. ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები,“ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას
ჟენევის პარალელურად, ჩინეთთან ფორმატის შექმნაზე პარლამენტარის ინიციატივას დარჩიაშვილი პასუხობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია, ჩინეთთან კი, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება. დარჩიაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო და გაერო. „მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩრდილოელი მეზობელი წარმოდგენილია. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში. ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის განმარტებით, თუ „შუა დერეფნის“ წარმატება გვსურს, ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გასაძლიერებელია. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, ხომ არ ჯობდა, პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი იქნება წამყვანი,“ - განაცხადა ინჯიამ დღეს, 7 თებერვალს. თუ მანამდე ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, ინჯია თვლის, რომ უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც თბილისი გამოიყენებს. „ჩვენ შეგვიძლია, შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი და ვნახოთ, რომელი აჯობებს,“ აღნიშნავს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი. შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
საგარეო უწყება: საქართველო ემზადება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის
საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც უწყებამ Europetime-ს მიაწოდა. ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მათი თქმით, საუბარია, კერძოდ, მინსკსა და ბაქოზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
დარსალია ჟენევაზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა. მისივე თქმით, მხარეებმა არამხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზე, სხვა საკითხებზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. „საკითხი როგორც კი მიდის დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. რუსეთის დელეგაცია არ იჩენს არც მოქნილობას და არც მზაობას, რათა განიხილოს ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება, 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შესრულება, ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ფუნდამენტურ, სხვა საკითხებზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. მაგალითად, თუნდაც გალის შეხვედრების აღდგენის თემაზე კვლავ გრძელდება ვაჭრობა ამ საკითხით და პირობების წაყენება. მიუღებელია თავად პირობების წაყენება, რადგან მისი აღდგენა და მუშაობის პრინციპები გაწერილია. გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა. სამწუხაროა, რომ არის მცდელობა ეს თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ეს რეალობა გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც აქვს ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს,“ – განაცხადა დარსალიამ. ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).