თეგი: ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი: ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული. „ეს არაა ომი, ესაა ქვეყნის მასობრივი განადგურება“, - აღნიშნა ბორელიმ. მისი თქმით რუსეთი „ომის კანონებს“ არ ითვალისწინებს. ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამიტის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა იმსჯელოს ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სანქციები შეგვიძლია დავუწესოთ რუსეთს, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში", - თქვა ბორელიმ. ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს უახლოეს ხანებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევრო გამოყოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
სალომე ზურაბიშვილი: ჟოზეპ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე ვესაუბრე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. ზურაბიშვილის თქმით, მათი საუბრის თემა, საქართველოს დაჩქარებულ ევროინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა. ,,ვესაუბრე ჟოზეპ ბორელს, საქართველოს დაჩქარებული წესით, ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობა ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი. ასევე წაიკითხეთ ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ვაგრძელებთ რეფორმების მხარდაჭერას
ჟოზეპ ბორელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონალური შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ევროკავშირი მზად არის გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს. მათ რეგიონის უსაფრთხოებაზე ამ მოვლენების ზეგავლენა და ასევე რუსეთის აგრესიის მიერ პროვოცირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, ჟოზეპ ბორელთან საუბრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: ჟოზეპ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე ვესაუბრე
ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ამის შესახებ Reuters წერს. ჟოზეპ ბორელის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებას მოლაპარაკება და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჯერ არ აინტერესებს. „ახლა რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მისი მიზანია ტერიტორიების ოკუპაცია“, - აცხადებს ბორელი. მისი თქმით, რუსეთის მიზანია მოლდოვის საზღვრამდე მოწყვიტოს სანაპირო და უკრაინას ზღვაზე გასასვლელი შეუზღუდოს. „რუსეთი მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ წამოვა, როცა პოზიციებს გაიმყარებს“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უკრაინის არმიას სამხედრო დახმარებას განაგრძობენ. „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ეს უკრაინელების წინააღმდეგობის უნარზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს