თეგი: ჟურნლისტი
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტი საიდუმლოდ დაკრძალეს - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აცნობა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის ჟურნალისტის რეზა ჰაღიღათნეჯადის ოჯახს, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტის ცხედარი ირანის ქალაქ შირაზის მახლობლად დაკრძალეს. 30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა ტვიტერში გამოაქვეყნა ჟურნალისტი სავარაუდო დაკრძალვის ადგილის ფოტო, რომელიც IRGC-მა რეზა ჰაღიღათნეჯადის მამას გაუგზავნა. ჟურნალისტი რეზა ჰაღიღათნეჯადის ოჯახს არ მიეცა უფლება ენახა გარდაცვლილის ცხედარი და მონაწილეობა მიეღო მის დაკრძალვაში. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღშფოთება გამოხატა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის გარდაცვლილი ჟურნალისტის, რეზა ჰაღიღათნეჯადის ცხედრის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გატაცების შესახებ ცნობის გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადასცეს ჟურნალისტის ცხედარი ოჯახს. 45 წლის რეზა ჰაღიღათნეჯადი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა ბერლინის საავადმყოფო „შარიტეში“, მისი ცხედარი დასაკრძალად 25 ოქტომბერს გადაასვენეს ირანში, მაგრამ ისლამურ რესპუბლიკაში ცხედარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ ფონზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ცხედარი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის აგენტებმა დაუდგენელი მიმართულებით წაიღეს. 27 ოქტომბერს რეზას დედამ, ბეიჰუმჯან რაისიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ვაჟის ცხედარი ირანის სპეცსამსახურების ჯაშუშებმა გაიტაცეს. წყარო - რადიო თავისუფლება