თეგი: რადმილა შეკერინსკა
NATO სომხეთთან მზარდ პარტნიორობაზე საუბრობს
18 დეკემბერს, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა, სომხეთს ეწვია, სადაც ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, გენერალური მდივნის მოადგილემ გააზიარა თავისი შეხედულებები ისეთ თემებზე, როგორიცაა, NATO-სომხეთის ურთიერთობები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესი და NATO-ს როლი შავი ზღვის რეგიონში. შეკერინსკამ შეაქო NATO-სა და სომხეთს შორის დიდი ხნის პარტნიორობა. მან ხაზი გაუსვა კარგად დამკვიდრებულ პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ, მათ შორის, სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში კარგი მმართველობის კონსოლიდაციისა და თავდაცვის განათლების საკითხებში თანამშრომლობას. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის პარტნიორობა სომხეთთან ორმხრივად სასარგებლო და ურთიერთშეთანხმებულია და რომ მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა სომხეთთან. მან ხაზი გაუსვა NATO-სომხეთის სამეცნიერო თანამშრომლობას და შეაქო სომეხი პერსონალის პროფესიონალიზმი, რომლებიც გაეროს მანდატის ფარგლებში კოსოვოში, NATO-ს ეგიდით KFOR-ის მისიაში მსახურობენ. გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ NATO- მიესალმება აგვისტოში ვაშინგტონში ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას. მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო დღის წესრიგის დაუყოვნებლივ განხორციელების მნიშვნელობას, როგორც რეგიონში მდგრადი მშვიდობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.