თეგი: რაზმიკ ხუმარიანი
ფაშინიანი ბელორუსში არ ჩავა, ვიდრე ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება
სომხეთმა ბელორუსიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი რაზმიკ ხუმარიანი გამოიძახა. ინფორმაციას სომხური მედია News.am-ი ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ მიუთითებს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით კი, დღეს, 13 ივნისს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელორუსში არ ჩავლენ, ვიდრე ამ ქვეყანას ლუკაშენკო მართავს. ფაშინიანის თქმით, როცა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ყარაბაღში ომს ხელს უწყობდა და აზერბაიჯანის გამარჯვება სურდა, ბელორუსის პრეზიდენტთან განსახილველი არაფერი აქვს. ლუკაშენკომ, რომელიც მაისში აზერბაიჯანს სტუმრობდა, განაცხადა, რომ იცოდა ყარაბაღში პრეზიდენტ ალიევის გეგმების შესახებ და იზიარებდა პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების გადაწყვეტილებას. „გამახსენდა ჩვენი საუბარი თქვენი ომის, თქვენი გამათავისუფლებელი ომის წინ, როცა ორნი სადილზე ფილოსოფიურად ვმსჯელობდით. მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ ომში გამარჯვება შეიძლება,“ - მიმართა ლუკაშენკომ 16 მაისს, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს. დღეს, ბელორუსის სახელმწიფო მედია BelTA წერდა, რომ სომხეთიდან თავის ელჩს კონსულტაციებისთვის მინსკიც იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს. „სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში,“ – განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანატოლი გლაზმა. დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ბელორუსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) უნდა გაირიცხოს. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო