თეგი: რაკეტები
კაჩინსკი: გერმანია ვერ გაბედავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, სჯობს, Patriot-ი უკრაინას გადავცეთ
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის მომხრეა. პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა „ეს რაკეტები გამოდგება ამ ომში, მაგრამ გამოადგება იქ, სადაც გამოიყენებენ. ჯერჯერობით, გერმანიის პოზიცია არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა კაჩინსკიმ. მისი თქმით, დასავლეთ უკრაინაში განთავსების შემთხვევეში, რაკეტები ძალიან კარგად დაიცავდა პოლონეთს, დაიცავდა ინფრასტრუქტურასა და ასევე უკრაინის მოქალაქეებს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
Reuters: ირანმა რეგიონული დაძაბულობის ფონზე, ახალი ფრთოსანი რაკეტები მიიღო
Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ფრთოსანი რაკეტები მიიღო, რომლის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია და ასევე სადაზვერვო ვერტმფრენები. ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ფრთოსანი რაკეტები, სადაზვერვო ვერტმფრენები და დრონები რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ ირანი ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანმა ბრალდება უარყო. „Talaeiyeh-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ზე მეტია. ის არის ჭკვიანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს სამიზნე მისიის შუალედში,“ - განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა შაჰრამ ირანმა. მისივე თქმით, სადაზვერვო ვერტმფრენები, დრონები და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები იყო ახალ იარაღს შორის, რომელიც საზღვაო ფლოტის არსენალს დაემატა და რომ მთელი ეს აღჭურვილობა შექმნილია და წარმოებულია ირანის სამხედრო ინდუსტრიის მიერ.