თეგი: რამზან კადიროვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კადიროვის რაზმთან პირველი კონტრაქტი გააფორმა - მედია

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „რია ნოვოსტის“ და „ტასის“ მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის მიერ უკრაინასთან საომრად შექმნილ მოხალისეთა რაზმ „ახმატთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა. მისივე თანახმად, კონტრაქტი „სამართლებრივად არეგულირებს მოხალისეთა ქვედანაყოფების საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომები მოხალისეებსა და მათ ოჯახებზე გავრცელდება. კონტრაქტსრუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი კიმმა და რუსეთის „სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის“ დირექტორმა, ადამ დაშაევმა მოაწერეს ხელი. ოფიციალური ინფორმაციით, რაზმი „ახმატი“ სწორედ ამ „უნივერსიტეტმა“ მოამზადა. კადიროვის ინიციატივით, 2013 წელს შექმნილი "სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი" ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარეობს.