თეგი: რამილ უსუბოვი
აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს რამილ უსუბოვს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ყოველწლიური გეგმის მიხედვით ინტენსიურად მიმდინარეობს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს,“ წერს თავდაცვის სამინისტრო. დღესვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონულ პროექტებს. „კობახიძემ აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ წერს მთავრობის პრესსამსახური.