თეგი: რაულ ბუავა
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ევროპარლამენტში: რუსეთმა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება
აფხაზმა ბლოგერმა, ახალგაზრდული მოძრაობის, „ამრას“ წარმომადგენელმა დაურ ბუავამ ისაუბრა ევროპარლამენტში პანელზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. შეხვედრის მონაწილეებს ის აფხაზურ ენაზე მიესალმა, რის შემდეგაც „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის“ მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, რომლებიც „საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, საერთო ისტორიას ქმნიდნენ“, გაყოფილები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ბუავა ბრიუსელში, თბილისში მდებარე სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. „30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირია ინფორმაციაა... ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია, თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართული ენასთან გათანაბრებული. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ, იცოდნენ. ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში 30 წლის წინ, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ეს იყო რუსეთი,“ - განაცხადა დაურ ბუავამ. შეგახსენებთ, რომ ბლოგერი თბილისში 2021 წელს გადავიდა საცხოვრებლად. 2022 წლის ზაფხულში, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოკუპირებულმა სოხუმმა განაცხადა, რომ მისი Tiktok-ის ვიდეოები აზიანებს „აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს.“ გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.