თეგი: რეაბილიტაცია
მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება
თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ქუჩა არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს უკვე გზის საფარსაც ეტყობა, კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. „სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება მომდევნო დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაო იწყება
ბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, კიდევ ერთი სიახლე მივაწოდო საზოგადოებას - ვიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განადგურებულია ფილები, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასში, რაც შეიძლება გაიზარდოს მწვანე სივრცეების ფართობი, დაირგოს ხე-მცენარეები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დამონტაჟდეს განათების სისტემა. გარდა ამისა, ბაღში ამ ეტაპზე, საპარკე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, თუმცა, ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული სივრცით სარგებლობს, ძალიან მოეწონება. მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება და დედაქალაქს ბევრი მწვანე სივრცე ემატება. ბედნიერებაა, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი, საღამოობით სავსეა მოქალაქეებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თბილისს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კახ კალაძემ.
ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოედნის რეაბილიტაციის დროს, ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება, ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გამოყენებით, ხოლო წურწუმიას ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება დასაშვები იქნება თელავის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოს პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337 და N393 ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, გორგასალის ქუჩის, 300 არაგველის ხიდის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, ავტობუსები - N305, N309, N325, N333, N393 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ, ხოლო ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას უკვე არსებული სქემით შეძლებს. მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534 და N540 ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან, საიდანაც მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, ასევე მოწყობა სანიაღვრე ქსელი. „მინდა გაცნობით, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოწყობა სანიაღვრე ქსელი“, - განაცხადა კალაძემ.
როდის დასრულდება წერეთლის გამზირისა და „დიდუბის ხიდის" რეაბილიტაცია ცნობილია
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და 2024 წლის იანვარში დასრულდება. წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე, საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა „დღეს დავიწყეთ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას. რეაბილიტაციის ფარგლებში ფაქტობრივად მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება. ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა. ამ პროექტთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში, მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის ბიუჯეტი 28 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო ხიდის ნაწილში ეს არის 4 200 000 ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში წარმოებდეს და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რადგან სამუშაოები იმ ვადებში დასრულდეს, რაც მოსახლეობისთვის გვაქვს ნათქვამი. ამიტომ, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.
უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დედაქალაქის მერიის ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. „უნივერსიტეტის ქუჩა დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეს ორმხრივად გახსნილია და თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები - ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის. დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განათების ახალი ქსელი მოეწყო, ტროტუარებიც, რომელიც არ არსებობდა, შეიქმნა და უკვე ფეხით გადაადგილებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაო. გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო. აღნიშნული სამუშაო, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.