თეგი: რეგულირების სააგენტო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ბაზრიდან Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატები ამოიღო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL - მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება. თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი. ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზების ფაქტები გამოავლინეს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. სააგენტო ავრცელებს ვიდეომასალას, რომლის თანახმად, პრეპარატები ისეთ ადგილებშია გადამალული, როგორიცაა, სავენტილაციო სისტემა, აქანდაზი და სხვა. სააგენტოშო აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ. „გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა. აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს,“ - წერია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.