თეგი: რეიტინგი
სად და რატომ განიცადა დემოკრატიამ უკუსვლა - კვლევა
ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8.4% ცხოვრობს სრული დემოკრატიაში, ხოლო მესამედზე მეტი ცხოვრობს ავტორიტარული მმართველობის ქვეშ. მიუხედავად რეგიონში საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უპირატესობისა, აღმოსავლეთ ევროპას არ აქვს „სრულყოფილი დემოკრატია“, ესტონეთი (7,84), ჩეხეთი (7,74) და სლოვენია (7,54), გლობალურ რეიტინგში 27-ე, 28-ე და 35-ე ადგილზე განთავსდნენ. ეს ქვეყნები ყველაზე ახლოს არიან „სრულყოფილი დემოკრატიის“ კვალიფიკაციასთან (8,00-ზე მეტი ქულით). თუმცა აღმოსავლეთ ევროპამ 2021 წელს, თავისი რეგიონული საშუალო ქულის შემცირების თავიდან აცილებით, ყველა სხვა რეგიონს აჯობა. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი შედეგი ესტონეთს აქვს, შემდეგ მოდიან ჩეხეთი და სლოვენია. უნგრეთის და პოლონეთის ქულები ზომიერად დაეცა. ამ ქვეყნებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან უთანხმოება აქვთ. მთლიანობაში, მსოფლიოში მხოლოდ 21 ქვეყანა შეიძლება, ჩაითვალოს სრულფასოვან დემოკრატიად, კიდევ 53 ქვეყანა შედის „არასრულყოფილი დემოკრატიების“ კატეგორიაში. საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა -86-ე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. ამ კატეგორიაში უკრაინის შემთხვევაში ქულის ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანას შორის. უკრაინა ახლა მექსიკასთან ერთად 86-ე ადგილს იზიარებს გლობალურ რეიტინგში, 2020 წელს კი 79-ე ადგილზე იყო. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ. „უკრაინის ქულა ნაწილობრივ შემცირდა რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის შედეგად. მთავრობა, რომელიც ფუნქციონირებს პირდაპირი სამხედრო საფრთხის ქვეშ, ჩვეულებრივ ზღუდავს დემოკრატიულ პროცესებს ხელისუფლების ცენტრალიზაციის სასარგებლოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უკრაინაში სამხედროებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2021 წელს და მეტი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე; მთავრობის პოლიტიკაც ნაკლებად გამჭვირვალე გახდა“, - ვკითხულობთ შეფასებაში. „საქართველოს ქულა 2021 წელსაც შემცირდა. ქვეყანამ გლობალურ რეიტინგში 91-ე ადგილი შეინარჩუნა. ლიბერიასა და ჰონდურასს შორის არის, მაგრამ მისი ქულა 2020 წელს 5,31-დან, 2021 წელს 5,12-მდე დაეცა. რამდენიმე ტურბულენტურმა მოვლენამ შეაფერხა დემოკრატიული პროცესები. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაძაბულობა ექსპრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით დასრულდა. ადგილობრივი არჩევნები, რომლის დროსაც სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და დააკავეს, საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, დარღვევებით ჩატარდა. მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ფინანსური და ოპერაციული უპირატესობებით სარგებლობს, რაც საარჩევნო კონკურენციას და გამჭვირვალობას ხელს უშლის“, - აღნიშნულია ანგარიშში. „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს. სტატიის თანახმად, მთავრობის მიერ დაწესებულმა ჩაკეტვამ და პანდემიის კონტროლის სხვა ზომებმა 2020 წელს, სამოქალაქო თავისუფლებების უზარმაზარი უკანდახევა გამოიწვია, რამაც რეიტინგში ქვეყნების უმრავლესობა დააქვეითა. ახალი, მომაკვდინებელი (კორონავირუსის) დაავადების წინაშე, რომლის მიმართაც ადამიანებს არ გააჩნდათ ბუნებრივი იმუნიტეტი, ადამიანების უმეტესობამ დაასკვნა, რომ სიცოცხლის კატასტროფული დაკარგვის თავიდან აცილება ამართლებს თავისუფლების გარკვეულ დროებით დაკარგვას.
Pew Research: პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამერიკული Pew Research Center-ის კვლევით, 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულ ლიდერად დასახელდა. Pew Research Center-მა კვლევა 18 ქვეყანაში ჩაატარა, რომლის თანახმადაც მის ქმედებებს გამოკითხულთა 9% უჭერს მხარს, 90% კი, მის პოლიტიკას აკრიტიკებს. როგორც Pew Research Center-ის კვლევით ცენტრში აცხადებენ, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ეს პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მაქსიმალური მაჩვენებელია. ამავდროულად, პუტინის რეიტინგი მსოფლიოში ყოველთვის არც ისე ცუდი იყო, თუმცა ის ბოლო წლებში სტაბილურად იკლებს, აღნიშნავენ Pew Research Center-ში. გერმანიაში მის საქმიანობას კვლავ ემხრობა გამოკითხულთა 14%. გერმანელ ახალგაზრდებში კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 22 %-ს შეადგენს.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინის რეიტინგი შემცირდა - კვლევა
რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ კვლევის თანახმად, სექტემბერში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგები შემცირდა. გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი - 24% იყო. ამასთან, 6%-ით არის შემცირებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შეფასების დინამიკა. თუ ბოლო სამი თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 83% დადებითად აფასებდა მის მუშაობას, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 77%-მდე შემცირდა. კითხვაზე - მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – უარყოფით პასუხს აფიქსირებს. 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
Fitch-მა გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 1,4%-მდე შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა 2023 წლისთვის გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1,4 პროცენტამდე შეამცირა, ნათქვამია Fitch-ის პრესრელიზში. „გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის კვლავ დაქვეითდა, რადგან ცენტრალური ბანკები აძლიერებენ ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ და ჩინეთის უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივა უარესდება“, - ნათქვამია პრესრელიზში. სააგენტომ ასევე დაამატა, რომ მომავალ წელს აშშ-ის მშპ-ს ზრდა 0,5 პროცენტიდან 0,2 პროცენტამდე შემცირდა. Fitch ელოდება, რომ ევროზონის მშპ 0,2 პროცენტით გაიზრდება, ნაცვლად 0,1 %-ისა. Fitch მიიჩნევს, რომ ეროვნული რეგულატორების მიერ ძირითადი განაკვეთების ზრდა არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც აფერხებს აშშ-სა და ევროზონის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა შეზღუდულია კორონავირუსის შედეგად შემოღებული შეზღუდვებითა და უძრავ ქონებაზე ფასების გაჭიანურებული ვარდნით. როგორც ადრე, მოსალოდნელია, რომ ზრდა ამ წელს 2,8 პროცენტამდე შენელდება. მაგრამ აღდგება მხოლოდ 4,1 პროცენტამდე 2023 წელს და არა 4,5 პროცენტამდე, როგორც მანამდე ფიქსირდებოდა.
Forbes: ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა
ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა, Real Time Billionaires-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა. Forbes-ის მონაცემებით, მას რეიტინგში, Louis Vuitton Moet Hennessy-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ გადაუსწრო. ჟურნალის მიხედვით, SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება $176,8 მილიარდია, ხოლო LVMH-ის ხელმძღვანელი $188,6 მილიარდი. გასული დღეების განმავლობაში მასკმა, $4,5 მილიარდი, ანუ კაპიტალის 2,49% დაკარგა, ხოლო არნოს კაპიტალი, პირიქით, $2,7 მილიარდით (+1,44%) გაიზარდა.
უკრაინამ მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში შედეგი გააუმჯობესა - Global Firepower
უკრაინა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში მე-15 ადგილზეა. ერთი წლის წინ უკრაინის არმია 22-ე ადგილზე იყო. ამას მოწმობს საერთაშორისო კომპანია Global Firepower-ის რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო არმიებს ასახელებს. 2023 წელს უკრაინის სიმძლავრის ინდექსი იყო 0,2516. „იდეალური“ ქულაა 0.0000. „რადგან უკრაინა განაგრძობს თავის დაცვას რუსეთისგან, მან გაზარდა თავისი ინდექსი მიმდინარე წლისთვის [აგრესიაზე, - რედ.], დასავლეთის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერისა და ახალი საკვანძო კატეგორიების დანერგვის გამო, რაც ხელს უწყობს სიაში საერთო პოზიციას“, - განმარტავენ ორგანიზაციაში. Global Firepower-ის თანახმად, 2023 წელი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში. „გახანგრძლივებული ომის სტრესი და მოთხოვნები, მსხვილ მეზობელ სახელმწიფოზე საბოლოოდ აისახება“, - ნათქვამია Global Firepower-ის ანგარიშში. მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში, უკრაინის მეზობლები არიან ეგვიპტე (14 ადგილი) და ავსტრალია (16). Global Firepower-ის თანახმად, მსოფლიოს უძლიერესი არმიების ათეულშია აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.
Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია
ფინანსურმა და ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes USA-მ 2 აპრილს, განახლებული, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის 38-ე რეიტინგი გამოაქვეყნა. მათი მთლიანი ქონება 2,48 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ მეორე წელია, Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო 223 მილიარდი დოლარის ქონებით იკავებს. მეორე და მესამე ადგილები ასევე შეინარჩუნეს შემდეგმა მილიარდერებმა: ილონ მასკი ($195 მილიარდი; ძირითადი აქტივები: Tesla და SpaceX) და ჯეფ ბეზოსი ($194 მილიარდი, Amazon). მარკ ცუკერბერგი დაწინაურდა და მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ($177 მილიარდი, Meta*). ლარი ელისონი ($141 მილიარდი), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Oracle-ის დამფუძნებელი, მეოთხედან მეხუთე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს უორენ ბაფეტი 133 მილიარდი დოლარის ქონებით, მეშვიდეა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი (128 მილიარდი დოლარი), მერვე - Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (121 მილიარდი დოლარი), მეცხრე - ნავთობგიგანტის Reliance Industries-ის ხელმძღვანელი მუკეშ ამბანი (116 მილიარდი დოლარი) და მეათე ადგილი - Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი (114 მილიარდი დოლარი). მე-11 ადგილი - სერგეი ბრინი (Google-ის თანადამფუძნებელი და აქციონერი; $114 მილიარდი); მე-12 ადგილი - მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg LP, $106 მილიარდი); მე-13 ადგილი - ამანსიო ორტეგა (ზარა, $103 მილიარდი); მე-14 ადგილი - კარლოს სლიმ ჰელუ (ტელეკომუნიკაციები; $102 მილიარდი); მე-15 ადგილი - ფრანსუა ბეტანკურ-მაიერსი (L'Oréal, $99,5 მილიარდი); მე-16 ადგილი - მაიკლ დელი (Dell, $91 მილიარდი); მე-17 ადგილი - გაუტამ ადანი (ინდოეთის უმსხვილესი აეროპორტის ოპერატორ ადანის თავმჯდომარე, $84 მილიარდი); მე-18 ადგილი - ჯიმ უოლტონი (Walmart-ის ქსელი, $78,4 მილიარდი); მე-19 ადგილი - რობ უოლტონი (ჯიმ უოლტონის ვაჟი; $77,4 მილიარდი); მე-20 ადგილი - Jensen Huang (გრაფიკული ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს თანადამფუძნებელი; $77).