თეგი: რიო ტერასი

რიო ტერასი: პუტინი კიევს ომს უცხადებს, ძლიერი სანქციების დროა

ევროპარლამენტარი რიო ტერასი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვას, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, კიევისთვის ომის გამოცხადებად აფასებს. ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების დაწესებას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. „პუტინი კიევს ომს უცხადებს! მისი კონფერენცია ამის საზიზღარი გამართლებაა! ახლა დადგა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დრო - ახლა! სანქციების, რომლებიც მას ძლიერ დარტყმას მიაყენებს“, - წერს რიო ტერასი Twitter-ზე. პუტინის ხანგრძლივი სატელევიზიო მიმართვიდან მსოფლიო ელის, რომ ის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. წინასწარ, კრემლის განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უკვე განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC.