თეგი: რიჰარდს კოლსი

ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის სტატუსის შეწყვეტას მოითხოვს

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დეპუტატს ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას. ლატვიელი დეპუტატი ოდიშარიას მხრიდან, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას გამოეხმაურა. „საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება - ამის შესახებ პოსტის ბოლოს ვიტყვი," - წერს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ის ამბობს, რომ ქართველი დეპუტატი ბექა ოდიშარიაპასუხისმგებელია მის სიტყვებზე, რომელიც ტრიბუნიდან კოლეგებს, ქალ დეპუტატებს მიუძღვნა: "ტექსტი - ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია.“ „ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში - პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია," - წერს კოლსი. მისივე თქმით, საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს - ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობაზე. მან "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" ხელახლა ინიციირებას "რეანიმირებული ზომბი" უწოდა. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა. მომხდარი დაგმო სახალხო დამცველმაც.