თეგი: რობერტ ფიცო

სლოვაკეთის ახალი პრემიერის თქმით, უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარება გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარება გარანტიებს უნდა მოიცავდეს იმის შესახებ, რომ თანხები მითვისებული არ იქნება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერთგვარი პირობის აუცილებლობას სლოვაკეთი იმით ხსნის, რომ “უკრაინაში კორუფციის პრობლემა არსებობს.“ მანვე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროთ, რათა უკრაინამ გარკვეული პირობებით მიიღოს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. ფიცომ ეს პირობები ხუთშაბათს გამართული დებატების დროს წამოჭრა. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების ორდღიან სამიტზე, ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს უკრაინის დახმარების კრიტიკაში შეუერთდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის გადახედვის შესახებ დისკუსიისას იყო საერთო კონსენსუსი უკრაინისთვის გათვალისწინებული დამატებითი 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე. სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს. მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ 10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ეომონ. „ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის," - განაცხადა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში. ფიცოს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ორ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა. არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა.  სლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ კოალიციაში შემავალი პარტია „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.  

კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. რობერტ ფიცო ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს უჟგოროდში შეხვდება. ჟურნალისტის კითხას, რატომ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. „არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია. სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას,“ – აღნიშნა ფიცომ, რომლის მთვრობამაც უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა. ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ეს არის მიზანმიმართული ტერორი პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს  

ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ აგრძელებს მტკიცებს, რომ „კონფლიქტის“ სამხედრო გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს - ის მოუწოდებს სხვა მხარეებს, პატივი სცენ მის პოზიციას. რობერტ ფიცომ, რომელიც 24 იანვარს მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან, აღიარა ის ფაქტი, რომ ზოგიერთ საკითხზე ბრატისლავასა და კიევს საკმაოდ განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც მისი მოლაპარაკებების დროს, უჟგოროდშიც დადასტურდა, მაგრამ „ბევრ საკითხზე მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებაა.“ ამის შესახებ მან ოთხშაბათს, 24 იანვარს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს სამხედრო გზით,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ უკრაინელი კოლეგასგან მხოლოდ ომის გაგრძელების გეგმები მოისმინა, თავად კი, მშვიდობიანი ინიციატივების დიდი მხარდამჭერია. მანვე დასძინა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას ეს არარეალურად მიაჩნია. მაგრამ ყველა საკითხის მიუხედავად, ფიცომ დაარწმუნა კიევი, რომ სლოვაკეთი ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, რომ ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული და წარმატებული. ის ამბობს, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას და ასევე სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. სლვაკეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას (გერმანელი ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულს, რედ.), რომ ის თითქოს "პუტინის მეხუთე კოლონას" წარმოადგენს.ფიცო ამტკიცებს, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ინტერესის ფოკუსი არ არის რუსეთი და რომ მისი პოზიცია არა პრო-უკრაინული და პროამერიკული, არამედ, პროსლოვაკურია. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა აღიარა, რომ ზოგიერთი მის განცხადებებს „საკამათოდ“ აღიქვამს, ამიტომ, ითხოვა, რომ სხვის მოსაზრებებს პატივი სცენ. შეგახსენებთ, 24 იანვარს დილით უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს. შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს  

სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, NATO-ს ზოგიერთ წევრს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურს

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. მისი ვარაუდების წყაროების დასახელების გარეშე, ფიცომ სლოვაკეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, ორმხრივ საფუძველზე.“ ფიცომ, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და კრიტიკოსების მიერ პრორუსულად მიჩნეული პოზიცია დაიკავა, დეტალები არ უთქვამს და მის კომენტარებზე სხვა ევროპელი ლიდერების გამოხმაურებაც არ გასაჯაროებულა. „მე ვერ გეტყვით, რა მიზნით და რა უნდა გააკეთონ იქ“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ სლოვაკეთი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში. NATO-ს ფიცოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამის კითხვას კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ჩეხეთი, რა თქმა უნდა, არ ემზადება ჯარისკაცების გაგზავნისთვის უკრაინაში, ამაზე არავის უნდა ინერვიულოს.“ ფიცომ განმარტა, რომ ხედავს უკრაინაში კონფლიქტის დიდი ესკალაციის რისკს და რომ მეტი ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოებისთვის შეუძლებელია. დაახლოებით 20 ევროპელი ლიდერი, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერი ორშაბათს პარიზშ იკრიბება, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნოს მესიჯი ევროპული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით და დაუპირისპირდეს კრემლის ნარატივს, რომ „რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს,“ რომელიც უკვე მესამე წელს ითვლის.  

სლოვაკეთის პრემიერს ესროლეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, მთავრობის სხდომიდა გამოსული ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და ის მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტყვია მუცელში, მკლავსა და ფეხში მოხვდა. BBC წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერი მკვლელობის მცდელობის შემდეგ "სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაშია." სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი წერს, რომ არსებული ცნობით, ფიცოს მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.  

ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს. კონვერტზე, ფოსტის შემოწმებისას სლოვაკეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყვია რენტგენის დახმარებით გამოავლინეს. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. მაისში, სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცო მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. ამ დროს მას შეიარაღებულმა პირმა ესროლა . თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. მას წაყენებული აქვს ტერორიზმის მუხლი, რაც 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს. ფიცოს პარტიამ, “სმერმა”, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ფიცოს კრიტიკოსებს დააკისრა. მემარცხენე-პოპულისტი ფიცოს მთავრობამ, რომლიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters  

ფიცოს თქმით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 ივლისს „მწვანე შუქს“ აუნთებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს. რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს სანქციების მე-18 პაკეტს. ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ამ ეტაპზე მიაღწია ყველაფერს, რაც შეეძლო. „ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება ხვალ, სანქციების მე-18 პაკეტის ბლოკირების გაგრძელება,” – განაცხადა ფიცომ.  

„თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია“ - პუტინი ფიცოს ჩინეთში შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა : „როგორ ხართ?“ - რაზეც პუტინმა უპასუხა: „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია.“ შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და ამტკიცებდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის, ასევე, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება. „ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესების დაცვის გარდა,“ - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.  

უნგრეთი უკრაინას 90 მლრდ-იანი სესხის დაბლოკვით, სლოვაკეთი კი, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენის გავლით, რუსული ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა. მისი თქმით, „უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არღვევს.“ „უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით, ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უნგრეთს შანტაჟს უწყობს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასები გაიზარდოს. ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება,“ - წერს სიიარტო X-ზე. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით ორშაბათამდე არ განაახლებს, მაშინ ის „შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს დაავალებს, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს შეაჩერონ.“ სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო, ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს. უკრაინის სახელმწიფო ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის, „უკრენერგოს“ მონაცემებით, სლოვაკეთზე უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის დაახლოებით 17% მოდის. ცნობისთვის, შარშან დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდ ევრომდე გამოუყოფენ. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. პირველი სახსრების გამოსაყოფა ჯერ კიდევ საჭიროებს ევროკავშირის საბჭოს საბოლოო დამტკიცებას, რომელიც ეროვნული მინისტრებისგან შედგება. ახლა კენჭისყრა გადაიდო. დაგეგმილი თანხები განკუთვნილია უკრაინის ყველაზე გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად 2027 წლის ბოლომდე. საერთო თანხიდან 60 მილიარდი ევრო თავდაცვისთვის არის განკუთვნილი. 18 თებერვალს უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეწყვიტეს დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენი “დრუჟბა” მწყობრიდან გამოვიდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულნი არიან მილსადენით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე, კიევს ადანაშაულებენ იმაში, რომ პოლიტიკურ მიზეზთა გამო შეგნებულად აჭიანურებს სარემონტო სამუშაოს.  საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ უნგრეთს შეახსენა, რომ რუსული ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ რუსეთის აგრესიამ და დრუჟბას ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე მისმა დარტყმებმა გამოიწვია.  თავის მხრივ, ხორვატიის ეკონომიკის მინისტრმა ანტე შუშნიარმა განაცხადა, რომ ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის ტრანზიტში, მაგრამ არა რუსული ნავთობის, რადგან ის აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ადრიას მილსადენი მზადაა და შესაბამისად, აღარ არსებობს ტექნიკური გამართლება იმისა, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული დარჩეს.  ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ნავთობის იმპორტზე (მათ შორის მილსადენების საშუალებით) შეზღუდვები დააწესა, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, გამონაკლისი დაუშვა. 2026 წლის 16 თებერვალს ბუდაპეშტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ასევე დროებით გამონაკლისი დაუშვან ზღვაზე გასასვლელის მქონე ხორვატიისთვისაც, რათა ნავთობსადენ „ადრიას“ (Adria) საშუალებით, ბუდაპეშტმა შეძლოს რუსული ნავთობის მიღება. „უკრინფორმმა“ 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია წერილის შესახებ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობამ გაუგზავნა ევროკომისიას. წერილში ნათქვამია, რომ მილსადენ „დრუჟბას“ მიმდინარე რემონტთან დაკავშირებით უკრაინის მხარე გამოდის წინადადებით, განიხილონ ევროპის ქვეყნებში ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მათ შორის, საზღვაო გზით „ოდესა-ბროდის“ მილსადენის მეშვეობით. „ნავთობსადენის შეკეთების ვადებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმყოფებით უწყვეტ კონტაქტში უკრაინასთან, ვცდილობთ, გავარკვიოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს „დრუჟბა“ მუშაობის განახლებას,“ - განმარტა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მზად არის, მოიწვიოს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი შესაბამის მხარეებთან ერთად, საწვავის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განსახილველად. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვთ და მათი მომარაგების უსაფრთხოებას მოკლევადიან პერსპექტივაში პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით, ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოდან შეფერხდა რუსული დაბომბვის გამო. კიევი ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვები ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებას.  

ფიცო: რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია უკრაინის თანხმობის გარეშე

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ არის შესაძლებელი უკრაინის თანხმობის გარეშე. ფიცოს თქმით, ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული აზრის მიუხედავად, მხარეებს სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების საერთო ინტერესი აქვთ. „დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ვინაიდან სლოვაკეთს სურს, რომ ჩვენი მეზობელი უკრაინა სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. შევთანხმდით, რომ მოკლე შეხვედრა გვექნება ორშაბათს [4 მაისს] ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და გავაგრძელებთ ერთობლივი სამთავრობო სხდომების ფორმატს, და ვიზიტები გვექნება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებში. ასევე აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში არანაირი სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე,“ - წერს ფიცო. მანამდე ზელენსკიმ ფიცოსთან საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობას.  „მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და [ეს ქვეყანა] მზადაა, გაგვიზიაროს ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება,“ - წერდა ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ფიცო კიევში მიიწვია და თავის მხრივ, სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბრატისლავაში მიწვევისთვის. უფრო ადრე, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის აღდგენამდე, ფიცომ ბრიუსელს მოუწოდა, დაევიწყებინა სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მიმართ. 30 აპრილს ევროკომისიამ განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს კიევში უნდა ჩავიდნენ თავიანთი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და არა — მოსკოვში. ევროპარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებს ევროკომისიას, გაყინოს ევროკავშირის დაფინანსება სლოვაკეთისთვის Reuters-ი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორისაა, რომლებიც ამ თვეში მოსკოვში აღლუმს დაესწრებიან. ცნობისთვის, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული გაზის მიღება განაგრძეს, მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, ბოლო მოეღოს ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას. ფიცომ ევროკავშირთან ურთიერთობა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, 2024 წელს მოსკოვში ვიზიტითაც დაარღვია და გასულ წელს, წითელ მოედანზე გამართული აღლუმის შემდეგ კრემლში რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რასაც სლოვაკეთის ოპოზიციისა და ბრიუსელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 9 მაისს გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე მოსკოვში ასევე იქნება ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო.      

სლოვაკეთი: ფიცოს სურს, პუტინს ზელენსკის გზავნილი გადასცეს

უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჩოვანეცმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აპირებს, მოსკოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან გზავნილი გადასცეს ვლადიმერ პუტინს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ფიცომ, შესაძლოა, პუტინისგან „ღირებული ინფორმაცია“ მიიღოს ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით მისი შეხედულებების შესახებ. „მჯერა, რომ ამ დროს აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ იმყოფებოდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მშვიდობიანი შეთანხმება იქნება მიღწეული,“ - აღნიშნა რასტისლავ ჩოვანეცმა. მისივე თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპელმა, უკვე დაიწყო იმ იდეის პოპულარიზაცია, რომ ეს საკითხი რუსეთის ლიდერთან უნდა განიხილონ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს უკრაინის ნებართვა სურს აღლუმის ჩატარებაზე, შემდეგ კი ხალხის ხოცვა და ომი. “უკრაინა სთავაზობდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას, ეს პირველი შეთავაზება არ არის. ამჯერად - ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან. უკრაინა მზად იყო სრული სიჩუმე უზრუნველეყო, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო წინადადებაზე საპასუხოდ მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები იყო, რუსეთის მხრიდან ახალი მუქარები. მათ უკრაინისგან თავისი აღლუმის ჩატარებაზე ნებართვა უნდათ, რათა მოედანზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ წელიწადში ერთი საათით, შემდეგ კვლავ გააგრძელონ ჩვენი ხალხის ხოცვა და ომი… რუსეთის ხელმძღვანელობის უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკა. არის რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოს მიმართვებიც იმის თაობაზე, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ამ დღეებში. არ გირჩევთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.  ზელენსკი რობერტ ფიცოს 4 მაისს, ერევანში შეხვდა. „უკრაინა ღიაა სლოვაკეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და დაინტერესებულია მტკიცე ურთიერთობების განვითარებით,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში სამთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში მთავრობის სხდომის ჩატარება განიხილეს. „განვიხილეთ კიევსა და ბრატისლავაში ვიზიტების გაცვლა და შევთანხმდით, რომ გუნდები გრაფიკის მოხედვით იმუშავებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. „მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა, ქვეყანას ამ გზაზე დაეხმაროს. მადლობა ამისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.