თეგი: რობერტ ქოჩარიანი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი შვილი დააკავეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. „სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟი და დანაშაულებრივ სქემებში ჩართული სხვა პირები. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ქონების რეალური მესაკუთრეებისა და მისი დანაშაულებრივი წარმომავლობის დასაფარად, იგი დაკავშირებულ კომპანიებზე ფორმდებოდა. შემდეგ კი შეძენილი ქონების მესამე პირებზე გასხვისება და გაყიდვა ხდებოდა,“ - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების მისამართებზე ჩხრეკა დღეს დილით ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა მისი კიდევ ერთი ვაჟის, სომხეთის პარლამენტის წევრის, ლევონ ქოჩარიანის სახლში. მოგვიანებით, საგამოძიებო ორგანოებმა რობერ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს. რობერტ ქოჩარიანის და მისი ხუთი თანაგუნდელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ნებართვა სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2026 წლის 18 ივნისს გასცა.ქოჩარიანს ბრალი დასდეს თანამდებობით ბოროტად სარგებლობასა და ფულადი სახსრების გათეთრებაში. მას კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს. უფრო ადრე ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. აეროპორტში ის სამდღიანი „პირადი ხასიათის“ ვიზიტით აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას. მისმა შვილმა ლევონ ქოჩარიანმა მედიას განუცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანი რუსეთში მიემგზავრებოდა.