თეგი: რობერტ ჰამილტონი

ჰამილტონი: რუსეთის საზღვაო ბაზის ასე ახლოს გახსნა იმ პორტთან, რაზეც საქართველო იმედებს ამყარებს, ინვესტორებისთვის კარგი არ იქნება

„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო სამხედრო ბაზების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ მთავრობის „პრაგმატული პოლიტიკა“ უკრაინაში ომთან და ზოგადად რუსეთთან დაკავშირებით, ჩავარდა,“ ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი რობერტ ჰამილტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე; აღადგინა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები; პრემიერ-მინისტრმა ომი ნაწილობრივ მაინც NATO-ს გაფართოებას დააბრალა; საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს მისი ომში ჩათრევის მცდელობაში. და ირონიულია, რომ ახლა თავად რუსეთს მოაქვს ომი საქართველომდე. ესაა ბაზა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის,“ - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი. მისივე თქმით, მას თბილისი ათწლეულებია, ვერ აკონტროლებს, მაგრამ ეს მაინც იქნება სამართლებრივად ქართული ტერიტორია, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.“ ამერიკის ხმა წერს, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზვაო ფლოტი ანაკლიიდან 35 კმ-ით იქნება დაშორებული. „არ ვიცი, რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ იმ საჭირო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც გემების მისაღებად სჭირდებათ, ეს ლეგიტიმური არგუმენტია. დიახ, სამზადისს შეიძლება, თვეები და წლები დასჭირდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა,“ - ამბობს პოლკოვნიკი ჰამილტონი. ყოფილი სამხედრო მეთაური და ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი ხსნის, რომ შავი ზღვის ამ ნაწილში რუსეთის ფლოტის მუდმივი განლაგება მის მავნე პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის და ამ რისკების შემცირებულად წარმოდგენა საჭირო არაა. „ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ამის მნიშვნელობის დაკნინებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნამდვილად არაა კარგი რამ. ეს ნამდვილად აყენებს ანაკლიის პორტს რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან უფრო ახლო რადიუსში. ასე რომ, თუკი რუსეთი მოინდომებს, რომ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ნაოსნობას შეაფერხებს ან ხელს შეუშლის, როგორც ის ამას უკრაინული პორტების წინააღმდეგ აკეთებს, ეს მას უფრო გაუადვილდება, რადგან მისი სამხედრო გემები გაცილებით ახლოს იდგება,“ - ამბობს ბობ ჰამილტონი. გამოცემის ცნობით, ექსპერტები ეკონომიკურ რისკებზეც საუბრობენ. რადგან ანაკლიის პორტით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს დამატებითი კითხვები ექნებათ იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია მის სიახლოვეს განლაგებული რუსული ფლოტი. ამ კითხვებმა კი შესაძლოა პორტის პოტენციალიც დააზარალოს და მის მიმართ ინტერესიც შეამციროს. პოლკოვნიკი ჰამილტონი კი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ინვესტორისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გადამწყვეტი იქნება. „ვინც ამ ტიპის ინვესტიციებს აკეთებს, მრავალგვარ რისკს ითვალისწინებს. რუსეთის საზღვაო ბაზის ასე ახლოს გახსნა იმ პორტთან, რაზეც საქართველო იმედებს ამყარებს, რაც შავი ზღვის უმთავრესი პორტი და სავაჭრო კორიდორის ნაწილი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ინვესტორებისთვის კარგი. ეს ზრდის რისკს და სავარაუდოდ გაზრდის დაზღვევის თანხებსაც ყველაფრისთვის, რაც ამ პორტში უნდა შევიდეს და გავიდეს. ყველა საზღვაო გადაზიდვა უფრო ძვირიც დაჯდება, რადგან ამ ნაპირის გასწვრივ, ზემოთ, ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზა იქნება,“ - ხსნის თადარიგის პოლკოვნიკი. ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურის გარდაქმნას, სულ მცირე 3 წელიწადი დასჭირდება - სუს-ის ხელმძღვანელი ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის