თეგი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „14 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რასაც ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა, ბევრი ადამიანი იძულებულია, დღემდე, ოკუპაციის პირობებში იცხოვროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.