თეგი: რუსეთ-უკრაინს ომი
გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით
გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს გაუგზავნის და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია Ukrinform. გეპარდის ტანკებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ მათი ყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მთავრობას ექსპორტის ნებართვა სჭირდება. „ვგულისხმობ იმას, რომ თავდაპირველად იყო გაუგებრობები, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი კოორდინაცია გვაქვს იმ სიებზე, რაც რეალურად სჭირდება უკრაინას. ვფიქრობ, ახლა პროცესი დაიწყო და ყველამ იცის, როგორ მიმდინარეობს მუშაობა მძიმე იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია“, - განაცხადა ფელდჰუსენმა. ერმანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის Marder-ის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება არ შეფერხებულა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.