თეგი: რუსთაველის თეატრი

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.  

რობერტ სტურუა: რუსთაველის თეატრი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში

„რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა. ის ამბობს, რომ რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა. „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის Facebook გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.