თეგი: რუსთავი2
ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლემ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების განკარგულება გასცა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ გვარამიას მიესაჯა 50 000 ლარიანი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. გვარამია სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, [რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას – საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.] მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა. „აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე“ და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გამოაცხადა. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამიას აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი, ხოლო დამენიას და იაშვილს - 50 000-50 000. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2022 წლის 11 მაისს დასრულდა.