თეგი: რუსი ინვესტორები

სალომე ზურაბიშვილი: უნდა იყოს კონტროლი რუს ინვესტორებზე

პირველ ივლისს გამართულ პანელური დისკუსიის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუს ინვესტორებთან მიმართებით კონტროლის მექანიზმის მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოქმედებდეს კონტროლი რუს ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ რუსები კვიპროსიდან, რუსები ისრაელიდან და ა.შ. - „რაში სჭირდებათ მოქალაქეობა, როცა აქ ბიზნესის წარმოება და ბინადრობა მარტივია?“ - იკითხა სალომე ზურაბიშვილმა. ხსენებულ საკითხზე მან პანელური დისკუსიის იმ ნაწილში ისაუბრა, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობის მინიჭების კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრებ ადამიანებზე და ამბობს, რომ მათთვის მოქალაქეობის მინიჭება საფრთხე არ არის, თუმცა „საფრთხილოა რუსი ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭება და აუცილებელია მეტი კონტროლი“. „რაც ეხება რუსებს, მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთში მაცხოვრებელი წარმოშობით ქართველები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სურვილი აქვთ, რომ დაბრუნდნენ, რომ წარმოადგენენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე ის რუსი მიგრანტები, რომლებსაც მკლავებს ვუხსნით და ვეუბნებით  - შემოდით. კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს არა ქართული წარმოშობის, რომლებიც ვითომ შემოდიან ინვესტიციებით, ხან პატარა, ხან უფრო დიდი, მაგრამ ამ ქვეყანაში სადაც ინვესტიცია, ბიზნესის წარმოება, ბინადრობა ძალიან მარტივია, რაში ჭირდება რუსს, რომ მოქალაქეობა მივცე? ეს საინვესტიციო ნაწილი ჩემს ხელშია ჯერჯერობით, კიდევ კარგი. ესეც საჭიროა, უფრო მეტად გაკონტროლდეს. დღევანდელი სანქციების პირობებში მნიშვნელოვანია მეტი ზედამხედველობა იყოს, ორნიშნულიანი ეკონომიური ზრდა არ არის ყველაფრის ახსნა და გამართლება, უნდა იყოს კონტროლი რუს ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ რუსები კვიპროსიდან, რუსები ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხი ბოლომდე მიყვანილი არ არის. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, მოქალაქეობა ავტომატურად უნდა დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ჩამოერთვა იმ მიზეზით, რომ არ შეიძლებოდა, ორმაგი მოქალაქე ყოფილიყო. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ტესტებიც უნდა იყოს ძალიან მარტივი. „ჩემი ადმინისტრაცია მუშაობს იუსტიციის სამინისტროსთან სამი წელია, ვეხვეწებით, რომ გავამარტივოთ, რადგან „ფეისბუქში“ მომდის უცხოეთიდან N-რაოდენობის შეტყობინებები ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ: რატომ არ მეძლევა მოქალაქეობა, რატომ ჩვენი შვილებისთვის არ შეიძლება, რატომ არის ტესტირება რთულია, აღარაფერს ვამბობ თანხებზე, რომელიც საკმაოდ სერიოზული თანხებია, რატომ არის ისეთი კითხვები, როცა კომისიაზე შევდივართ, რომელიც ამჟღავნებს კომისიის წევრებისგან დამოკიდებულებას - „უფრო არ მივცეთ, ვიდრე მივცეთ“, რაც არ წერია კანონში. დღეს მე გავიგე, რომ პარლამენტში რაღაც დემოგრაფიული კრიზისის გადალახვას ვაპირებთ, დემოგრაფიული კრიზისი იწყება იმით, რომ ხალხი არის გასული ქვეყნიდან - მილიონი თუ მილიონნახევარი. ჩვენთვის ისინი დასაკარგი არ არიან. არსებობს ისრაელი, რომელსაც აქვს დაახლოებით, იმავენაირი დემოგრაფიული პრობლემა და მიდგომა, რომ სამშობლო უნდა გაძლიერდეს. თუ ეს მიდგომაა ჩვენი, მივცეთ, დავუბრუნოთ ვისაც წავართვით, რადგან ორმაგი მოქალაქეობა არ შეიძლებოდა, იმათ დავუბრუნოთ მარტივად, ავტომატურად ვიტყოდი. დანარჩენი, ტესტები თუ არის, იყოს ძალიან მარტივი. ეს იყო მოტყუება ჩვენი მოქალაქეების, როცა ითქვა, რომ მიღებულია კანონი, რომელიც ამარტივებს მოქალაქეობის მიღებას, არაფერს არ ამარტივებს, გარდა იმისა, რომ კომისიისთვის არის გამარტივებული მუშაობა, ანუ კომისიაზე აღარ გახვალ თუ ჯერ ტესტებში არ მიიღე საკმარისი ქულები”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან აქვს საუბარი იმაზეც, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს უფლებამოსილება, გადახედოს კომისიის გადაწყვეტილებას. „კომისიაში მაქვს ორი ხმა, არა უმრავლესობა, ჩემი წევრები კომისიაში მუდმივად დადებით შეფასებას იძლევიან თუ არ არის უსაფრთხოებიდან რაიმე ნიშანი, რომ ამ ადამიანზე რაიმე კითხვებია. პრობლემა იმაშია, რაც დღემდე ვერ შეცვალე, რომ წერილები გადის და ასევე სიტყვიერი შეტყობინება კომისიიდან, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და მერე ჩემთან მოდის ზღვა წერილები, რომ გეხვეწებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ. ამ დროს არ მაქვს უფლება შევცვალო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მსჯელობა, მე ვეუბნები, რომ ან მომეცით ეს უფლება, რომ გადავხედო და ვიღებ პასუხისმგებლობას, ან ნუ აგზავნით წერილებს, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნიშნავს ამას, რომ მე მაქვს უფლება გადაწყვეტილების შეცვლის. ეს არის გამოსასწორებელი და გასამარტივებელი რეალობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.