თეგი: რუსი ტურისტი
დღეს რუსი ტურისტი რომ შემოვა, თურმე აგენტად უნდა მოვნათლოთ - სუბარი
ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად ყველაფერს აკეთებს, თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსულ კომპანიებს, დღეს რუსი ტურისტი რომ შემოვა, თურმე აგენტად უნდა მოვნათლოთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. „თურმე უნდა გაგვეუქმებინა და გააუქმეს კიდეც ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველოში ეპატიჟებოდნენ რუსულ ბიზნესს, მთელი ქართული სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსულ კომპანიებს. დღეს რუსი ტურისტი რომ შემოვა, მაინცდამაინც აგენტად უნდა მოვნათლოთ, ესაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ქართველი ხალხი არ დაუჭერს მხარს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ტექნომეზობლური ურთიერთობა ყველა იმ ადამიანთან და ქვეყანასთან, რომელიც ეცდება საქართველოსთან ტურისტად, მშვიდობიანად შემოსვლას, მტერს მტრულად გავცემთ პასუხს. ის, რაც იყო ათი წლის წინ კარგი, შეუძლებელია, ახლა იყოს ცუდი. უბრალოდ, ქართული ოპოზიცია ამ შემთხვევაში მართლა ქვეყნის სამტროდ აკეთებს იმას, რასაც ამბობს. ზოგადად, რაც ხდება ამ ბოლო დღეებში, თუნდაც ფადი ასლის განცხადება, ძალიან ბევრმა ქართველმა ოპოზიციონერმა მოიწონა. მართლა არ მიაქცევდა ადამიანი ყურადღებას ამას, რომ არა გარკვეული ტენდენცია, რომელსაც ვხედავთ. ეს ტენდენცია ჩანს თუნდაც იმ კვლევებში, რომელსაც ყოველწლიურად ატარებენ „აირაი“ და „ენდიაი“, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დგას მეხუთე, მეექვსე ადგილებზე, თითქოს საქართველოს მოსახლეობას გაცილებით უფრო მეტად აწუხებს სხვა პრობლემები, ვიდრე საქართველოს მთლიანობა. ეს რომ ტყუილია, კარგად ჩანს ნებისმიერი გამოკითხვიდან, რომელსაც არ ატარებს „ენდიაი“, ან „აირაი“, ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია. „იმედის“ მიერ ჩატარებულ „გორბის“ კვლევაში სწორედ მეორე ადგილზე დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ხალხში რომ ვიკითხოთ, ამაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას არ აწუხებს არაფერი. რაღაცნაირად ცდილობენ, გვაპარებენ, რომ შევეჩვიოთ იმას, თითქოს საქართველომ უნდა იარსებოს აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ეს არ მოხდება, ესაა მთავარი საკითხი, მთავარი ტკივილი ნებისმიერი ქართველისა“, - განაცხადა სუბარმა.